ვირგილის “ქართველმა” ვილნიუსის გზა დაგვილოცა

ვირგილის “ქართველმა” ვილნიუსის გზა დაგვილოცა

წერილი მეექვსე – 4 სექტემბერი
არ ვიცი, ახლა გამოხატეს ლიტველებმა ქართველებისადმი სიყვარული და ახლა გაახსენდათ რუსებს, რომ საქართველოს ქომაგობენ, თუმცა ფაქტი ერთია: უკრაინის დამარცხების შემდეგ მასპინძლები ჩვენს მიმართ გაცილებით კეთილგანწყობილები ჩანდნენ, ხოლო რუსები  ვილნიუსში წასვლას გვილოცავდნენ.
 

 
არ ვიცი, რატომ არიან ყველანი ასე დარწმუნებულები, რომ საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. რა თქმა უნდა, უკრაინის დამარცხების შემდეგ კოკოშკოვის გუნდს ჯგუფიდან გასვლის ძალიან კარგი შანსი გაუჩნდა, თუმცა ქართველები ამაზე არ ლაპარაკობენ და ბულგარეთთან ჯახისთვის ემზადებიან. სხვები კი…
 
დარბაზიდან არ ვიყავი გამოსული, რომ უკვე ათეულობით უცხოელმა მომილოცა ვილნიუსის საგზურის მოპოვება. გვეუბნებოდნენ:  ჩვენ, ლიტველები, ქართველებს მთელი გულით გქომაგობთო. ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი ღამით, როცა „ლელოს“ ჟურნალისტთან ერთად სუხიშვილების კონცერტზე  გახლდით კლაიპედას თეატრთან, შემდეგ კი – ზრიდრიხ პასაჟზე. ამ ქუჩაზე, მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად იგრძნობა ქართული სული, ხოლო ვინც იქაა, მართლაც გამორჩეულად უყვართ ქართველები.
 
ამაში ერთმა რიგითმა ლიტველმა, ვირგილუსმა დაგვარწმუნა, რომელიც ფრიდრიხის ქუჩის დასაწყისში ღია კაფეში იჯდა, გულზე საქართველოს დროშა ჩამოეკიდებინა და საკუთარ მეუღლესთან ერთად ლიტვის დამარცხებისგან გამოწვეულ დარდს ალკოჰოლით იქართვებდა. ლიტვამ ესპანეთთან ჩემპიონატზე პირველი მარცხი განიცადა და ეს ქომაგებმა ძალიან განიცადეს. დაგვინახა თუ არა ვირგილუსმა,  გამოგველაპარაკა და აქედან დაიწყო იმ ამბების მოყოლა, რაც მას საქართველოსთან და ქართველებთან აკავშირებდა.
 

 
„რომ გავიგე, თქვენი გუნდი კლაიპედის ჯგუფში მოხვდა, ძალიან გამეხარდა – გვეუბნებოდა  ვირგილისი – ქართველების დასახვედრად აქ განსაკუთრებით ემზადებოდნენ, ეს ქუჩაც ხომ საქართველოს საპატივცემულოდ გადაქართულდა და რა ცუდია, რომ თქვენი წასვლის შემდეგ აქ ყველაფერი ისევ ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდება: ვეღარ ვნახავ ქართულ დროშას, ვერ მოვისმენ ქართულ მუსიკას და აღარავინ გააკეთებს ხინკალს, ხაჭაპურს, ელარჯს…“
 
აღმოჩნდა, რომ ვირგილისი მეუღლესთან ერთად საქართველოს 14–ჯერ სტუმრობდა და ქართული ისტრორია, ადათ–წესები და ზნე–ჩვეულებები კარგად ჰქონდა შესწავლილი. ამ ადამიანს მხოლოდ ერთი რამ ჰგვრიდა სიამოვნებას – საქართველოზე, ქართველებზე საუბარი და სრულიად გასაოცარი რამ თქვა: მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, გარკვეული თანხა დავაგროვოთ, საქართველოში სახლი რომ ვიყიდოთ და ცხოვრების ბოლო, მოხუცებულობის წლები თქვენს ქვეყანაში გავატაროთო.
 
ამასობაში პასაჟზე ქართული ხმები ამღერდნენ და ვირგილისის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. მას უკვე საკმაო ოდენობით ჰქონდა მიღბული „მუკუზანი“ და მართალია გაუმართავად, მაგრამ ქართული ხმების ნამღერ საქართველოს ჰიმნს მაინც აჰყვა. ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი არც მეპარებოდა და ამაში სიმბოლურად ერთმა შემთხვევამაც დამარწმუნა. სამახსოვრო სურათის გადასაღებად ლიტვის დროშა მოვიხურე. მყისვე სითბო  ვიგრძენი – თითქოს თუშურ მატყლის ლაბადაში გავხვეულიყავი. არადა, დროშა ჩვეულებრივად სიფრიფანა იყო, მაგრამ მაინც ძალიან მათბობდა. ამ სამფეროვან ალამში თითქოს ის სითბო იყო ჩაქსოვილი, რასაც ლიტველები ქართველების მიმართ გრძნობენ.
 

 
არაერთი ქართული ამბავ–ხაბარის გაზიარების შემდეგ ფრიდრიხის ქუჩა დავტოვეთ. ვირგილისმა ვილნიუსშიც წარმატებები გვისურვა და დაგვემშვიდობა. ძალიან დიდი მადლობა ვირგილისს და იმ ათობით ლიტველსა თუ არალიტველს, რომელმაც გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ჯგუფიდან გაგვიყვანა, მაგრამ ეს ამბავი ჯერ საბოლოოდ არ გადაწყვეტილა. კარგად შენიშნა უკრაინასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ქართველების წინამძღოლმა იგორ კოკოშკოვმა: წინ ყველაზე მნიშვნელოვანი და საბრძოლი მატჩი გველისო. მართალიცაა: ბულგარეთს საქართველოს სასურველი ამგარიშით დამარცხების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ბოლომდე იომებს.
 
იომოს, საქართველო ხომ აქამდე ბრძოლით მოვიდა და ბულგარეთთან  ომსაც ღირსეულად გადაიტანს! რუსების რა მოგახსენოთ და დარწმუნებული ვარ, ვირგილისი, ისევე როგორც ათასობით ლიტველი, ბულგარეთ–საქართველოს საკალათბურთო ბრძოლაში ქართველებს უქომაგებს.