ვლადიმერ ბოისასს „ზადარმა“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ხორვატიის ჩემპიონობის გზაზე. ზადარელებმა ფინალური სერიის პირველ მატჩშ სტუმრად 80:76 დაამარცხეს ხორვატიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი “ციბონა” და მოედნის უპირატესობას დაეპატრონენ.
„ზადარს“ რეგულარულ ჩემპიონატში ცოტაც რომ მოენდომებინა, მოედნის უპირატესობა ისედაც ექნებოდა, მაგრამ ზედიზედ 11 მოგების შემდეგ ბოლო 3 მატჩიდან 2 წააგო და პირველობა „ციბონას“ დაუთმო. შესაბამისად, ეს გუნდები ფინალში რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მოედნის უპირატესობა ციბონელებს ჰქონდათ, რომელიც სერიის პირველსავე მატჩში გაფლანგეს.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. „ზადარი“ თავიდან მცირედით ლიდერობდა და უპირატესობას თანდათან ზრდიდა. ბოლო მეოთხედის წინ ბოისას გუნდმა 7–ქულიანი წინსწრება დაიბევა და საბოლოოდ იმარჯვა კიდეც.
ბოისა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. მან 4 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
მომდევნო მატჩი უკვე „ზადარის“ მოედანზე, 1 ივნისს გაიმართება.