საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით დღეს თბილისში სტარტი აიღო საკალათბურთო კემპმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებსაც მოიცავს.
ნბა–ს პროგრამა “NBA cares”-ის ეგიდით საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი ქალი კალათბურთელი, „ჰიუსტონ კომეტსის“ მოთამაშე ბარბარა ტერნერი და ვეტერანი ქართველი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანია. ისინი 1 კვირის მანძილზე საქართველოს 4 ქალაქში 10–16 წლის მოთამაშეებს სხვადასხვა ვარჯიშებს ჩაუტარებენ, რაც მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და ზოგადად კალათბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
გუშინ, საკალათბურთო აკადემიაში საქართველოს კადეტთა ნაკრების ვარჯიშის შემდეგ კემპის მონაწილეებმა, ორგანიზატორებთან ერთად ერთგვარი პრეზენტაცია მოაწყვეს და მომავალი კვირის გეგმებზე ისაუბრეს.
– ბარბარა ტერნერი კარგი კალათბურთელია. იგი 25 წლისაა, WNBA-ში თამაშობს. ბარბარა კემპის წარმართვაში დამეხმარება – წარგვიდგინა კოლეგა მწვრთნელი ვლადიმერ სტეფანიამ. ვოვა NBA-ს მიერ ორგანიზებულ მსგავს ღონიეძიებებზე ჩინეთშიც დადიოდა…
– ჩინეთში სხვა სპეციფიკის კემპები ტარდებოდა. იქ ძირითადად NBA-ს პიარი ხორციელდებოდა, ქართული კემპი კი ახალგაზრდობაში ჯანმრთელი ცხოვრების დამკვიდრებას ემსახურება. ჩვენ, კალათბურთელებმა, პატარებს მაგალითი უნდა მივცეთ, დავანახვოთ, რისი მიღწევა შეიძლება სპორტის ამ ლამაზი სახეობით…
შედარებით ვრცლად ისაუბრა ამერიკის საელჩოს განათლების, კულტურისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა სინტია უიტსმა:
– ამერიკასა და საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობებია პრიორიტეტული, თუმცა კალათბურთი ორივეგან პოპულარულია. ამიტომ, საქართველოში საკალათბურთო ღონისძიება დაიგეგმა. კემპი ჯერ გორში მოეწყობა, შემდეგ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ხუთშაბათს ვგეგმავთ დიღმის ბავშვთა სახლში მისვლასაც…
ქალბატონმა სინტიამ გვამცნო, რომ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის სულ 11 გოგონა შეიკრიბა, რაც ნამდვილად დაბალი რიხვია. იმედია, ქალთა NBA-ს წარმომადგენლის, ბარბარა ტერნერის ჩამოსვლა, საქართველოში ქალთა კალათბურთის განვითარებას ერთგვარ სტიმულს მისცემს. ამერიკის საელჩის წარმომადგენელმა ისიც დასძინა, რომ კემპებში ლტოლვილი ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას:
– ყოველდღიურად ორ ვარჯიშს გავმართავთ. პირველი ვარჯიში კალათბურთელ ბავშვებს დაეთმობა, მეორე – ლტოლვილ პატარებს. შეიძლება, სამაჩაბლოდან, ან აფხაზეთიდან დევნილი ზოგი ბავშვი კალათბურთით არ იყოს დაკავებული, მაგრამ კემპზე მოპატიჟებით ვეცდებით მათ ჯანსაღი ცხოვრებისკენ ერთგვარი ბიძგი მივცეთ და ცოტა გავახალისოთ. სამაჩაბლოელი ლტოლვილები გორში დავპატიჟეთ, ხოლო აფხაზეთიდან დევნილები – ბათუმში. ვარჯიშებისას კალათბურთელები სამ გუნდად დაიყოფიან და ცალ-ცალკე გაივლიან წვრთნას. ბოლოს საუკეთესოებს შევარჩევთ და ვარსკვლავთა მატჩს ჩავატარებთ.
NBA-ს კემპებისთვის ტრადიციულად, ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად მაისურები და ბურთები გადაეცემათ.
სტეფანიამ და ტერნერმა პირველი მინი–ვარჯიში ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად გამზადებულ საქართველოს კადეტთა ნაკრებს ჩაუტარა. ბოლოს ცნობილი ვეტერანი კალათბურთელი ჩვენი ნაკრების წევრებს გაესაუბრა და მათ წარმატება უსურვა.