ვლადო ილიევსკი: “მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შეიძლება”, მათ ჩვენ გაგვანადგურეს”

ვლადო ილიევსკი: “მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შეიძლება”, მათ ჩვენ გაგვანადგურეს”

 
 
ფიბა-ევროპის საიტს აქვს რუბრიკა, პირველ გვერდზე ყოველდღიურად ევრობასკეტის მონაწილეთა დასამახსოვრებელი ფრაზები გამოაქვთ. 9 სექტემბრის ერთ-ერთი ყურადსაღები სიტყვები ჩვენგან ძლეული მაკედონიის ლიდერს, ვეტერან ვლადო ილიევსკის ეკუთვნის: “სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ, მათ ჩვენ გაგვანადგურეს”. ილიევსკისთან ერთად გთავაზობთ მატჩის სხვა მონაწილეთა კომენტარებსაც
 
 
 
 

 ზაზა ფაჩულია: 
– საქართველოს ნაკრები ყველა წევრმა კარგად ითამაშა. დიდი მადლობა ბიჭებს, სასტარტო ხუთეულის წევრებსაც და სათადარაგოებსაც. წარმატების საფუძველი მართებული, ჭკვიანური თამაში იყო. როგორც იქნა, დაცვაში სათანადოდ გავისარჯეთ და მეტოქეს შორეული სროლების განხორციელებაში ხელი შევუშალეთ. ალბათ, ისიც დაინახეთ, რომ მაკედონიელებს ბევრი ჯარიმა “ავკიდეთ” და ქულებს ამის ხარჯზეც ვაგროვებდით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ პირად სტატისტიკას მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, გუნდმა მოიგოს. თუკი პარტნიორები არ დაგეხმარებიან, რაც არ უნდა ძლიერი იყო, მარტო წარმატებას ვერ მიაღწევ. შანსის შესანარჩუნებლად მინიმუმ 5 ქულით მოგება გვჭირდებოდა, თუმცა, ისეთი შემართებით ვიყავით, ამაზე აღარც გვიფიქრია და საბოლოოდ სამი ამდენით გავიმარჯვეთ.

მანუჩარ მარკოიშვილი: 
– ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ნაკრებმა თავისი პოტენციალი გამოავლინა. წესით, სულ ასე უნდა ვთამაშობდეთ, რადგანაც გუნდს ეს შეუძლია. ასეთი ორგანიზებულობა თავდაჯერებულობას გმატებს. როდესაც იცი, რომ გუნდი დაცვაში ყოჩაღად ირჯება, შეტევაშიც უფრო თამამად გადადიხარ. დღევანდელი მატჩი ამის საუკეთესო მაგალითი იყო. ჩვენი ბრალია, რომ ახლა მაინც სხვებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა, გუნდი ძალიან მოტივირებულია და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ყველას ვთხოვ, გადამწყვეტ მომენტში გვერდში დაგვიდგენ. შესაძლოა, საკრიტიკო ბევრი გვაქვს, თუმცა, ჯერ მატჩები დასრულდეს და ყველაფერი მერე განვიხილოთ. ამ ეტაპზე ნაკრების წევრებს მხარდაჭერა გვჭირდება.
მარიან სრბინოვსკი, მაკედონიის მთავარი მწვრთნელი: 
– ქართველებს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ, ჩემი გუნდი კი გადამწყვეტი მატჩის მოსაგებად მზად არ აღმოჩნდა. ძალიან ცუდად დავიწყეთ და შემდეგ თამაშის გამოსწორება გვიან იყო. ამის გაკეთებას მთელი თამაშის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით. უნდა ვაღიარო. მეტოქე გაცილებით უკეთესი იყო, ზაზა ფაჩულიას და მანუჩარ მარკოიშვილის შეჩერება კი ვერაფრით მოვახერხეთ. ფსიქოლოგიურმა წნეხმა უბრალოდ გაგვანადგურა. იმედია, გამოვფხიზლდებით და იმ შანსს მაინც გამოვიყენებთ, რომელიც სლოვენიასთან მატჩში დაგვრჩა.
ვლადო ილიევსკი: 
– ქართველ კალათბურთელებს ვულოცავ, დიდებულად ითამაშეს. მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შეიძლება”, მათ ჩვენ გაგვანადგურეს. მეტოქე ტაქტიკურადაც უკეთ გამოიყურებოდა და ისე სჩანდა, რომ ენერგიაც მეტი ჰქონდა. 40 წუთის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, რომ ჩვენ მათთან ორთაბრძოლაში რაიმე უპირატესობა მოგვეპოვებინა.