ვსა-მ დელტა გურჯაანში ქულით დაამარცხა

ვსა-მ დელტა გურჯაანში ქულით დაამარცხა

სუპერლიგის მე-3 ტური დღეს გურჯაანში დაიწყო. დელტამ, რომელსაც საწყის 2 ტურში წაგებები ჰქონდა, თითო-მოგება-წაგების მქონე ვსა-ს უმასპინძლა. შეცდომებით აღსავსე მატჩი საკმაოდ თანაბარი გამოდგა. ბოლო წუთები სულაც ქულა-ქულაში მიილია და შეხვედრა საბოლოოდ ვსა-ს მინიმალური გამარჯვებით – 68:67 (სტატისტიკა) დასრულდა. 

მატჩს უმეტესად დელტა იგებდა. თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, გურჯაანელები ბოლო პერიოდამდე იგებდნენ. შეხვედრის გადამწყვეტ ეპიზოდში, როცა ბოლო პერიოდის შუაწელმა მოატანა, ვსა-მ ლიდერობა მოიპოვა – ლუკა კალატოზიშვილის, ლუკა ლიკლიკაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის შედეგიანმა თამაშმა შედეგი გამოიღო. სტუმრები 6 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა გამოცდილმა რევაზ როგავამ ზედიზედ 2 სამიანი ჩააგდო, ოთო ბულიავამაც იყოჩაღა და დასრულებამდე 2 წუთით ადრე კვლავ დელტა გალიდერდა – 65:63.

ბოლო 2 წუთში მოგებული ის გუნდი გამოვიდოდა, რომელიც უკეთეს დაცვას ითამაშებდა და ასეთი ვსა გამოდგა, რომელმაც დაცვაში 2 ბურთი აიღო, ხოლო შეტევები ჯერ გოგიჩაიშვილმა, შემდეგ კი კალატოზიშვილმა დააგვირგვინეს და დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე ვსა 67:65 დაწინაურდა. თბილისურმა გუნდმა დაცვაში კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ლუკა ლიკლიკაძემ 2-დან 1 ზუსტი საჯარიმოთი ვსა 68:65 გაალიდერა.

დარჩენილ წამებში გურჯაანელებმა რატომღაც საჯარიმოდან შეუტიეს, თუმცა ვალერიან წულეისკირმა ფარქვეშიდან ვერ ჩააგდო და საჯარიმოს ხაზზე აღმოჩნდა. დასრულებამდე 3 წამი იყო და პირველი ჩაგდებული საჯარიმოს შემდეგ წულეისკირმა მეორე ასაცილებლად ესროლა. თუმცა ბურთი კალათში აღმოჩნდა და დელტამ ჩამორჩენა მხოლოდ 1ულამდე შეამცირა. ცხადია, მასპინძლებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, მაგრამ დასრულებამდე 1.2 წამი იყო და ფანტასტიკა უნდა მომხდარიყო, რომ რამე შეცვლილიყო. 

ლიკლიკაძემ საჯარიმოს ხაზიდან ორივე საჯარიმო ააცილა და დრო ისე ამოიწურა, ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოსახსნელად ბრძოლა დასრულებულიც არ იყო. გამარჯვებულ ვსა-ს 19 ქულითა და 14 მოხსნით კალატოზიშვილმა ულიდერა. 13 ქულა და 8 პასი დემარე კინგმა დააგროვა, ლიკლიკაძემ შეხვედრა 9 ქულითა და 8 პასით დაასრულა. დელტაში 16 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა. ვალერიან წულეისკირმა 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

სუპერლიგის მე-3 ტურის 3 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 25 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ტური ბათუმში კვირას დასრულდება, სადაც სათამაშოდ კსუ-კავკასია ჩავა.