ვსა-მ მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ცხრილში გაუთანაბრდა

ვსა-მ მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ცხრილში გაუთანაბრდა

დღეს, სუპერლიგის მე-7 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელიც ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თავის დროზე გადაიდო და დღეს, დიღმის არენაზე გაიმართა. ვსა-მ სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ “ქუთაისი201”-ს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გუნდი, რომელიც სუპერლიგაში პირველ სეზონს ატარებს, 5 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და დაკარგული ქულებით მხოლოდ ლიდერ თსუ-ს ჩამორჩება.

აქვე უნდა დავაფიქსიროთ, რომ დაუმარცხებელი თსუ-ს შემდეგ 3-3 წაგება 3 გუნდს აქვს – ზესტაფონის მარგვეთს, ვსა-ს და ქუთაისს. აქედანაც ჩანს, თუ რაოდენ პრინციპული მატჩი გაიმართა დღეს ვსა-სა და ქუთაისს შორის. იმერულ კლუბს რომ მოეგო, მეორე ადგილზე გადადიოდა, ვსა-ს კი გამარჯვება ქუთაისელებთან გასათანაბრებლად და ზოგადად, ცხრილში პოზიციების გასამყარებლად უნდოდათ.

რთულია, ლოგიკური ახსნა მოუნახო იმ შემთხვევას, რაც პირველ ნახევარში მოხდა. მოქმედმა ჩემპიონმა, წლეულს ფიბა ევროპის თასზე ღირსეულად გამოსულმა, დაბალანსებულმა და წინა მატჩის წამგებმა გუნდმა (ქუთაისმა) პირველ ნახევარში მხოლოდ 26 ქულა ჩაუგდო ტრავმებით შეთხელებულ, ძირითადად 6 კალათბურთელით მოთამაშე სუპერლიგის დებიუტანტს. ვსა-მ პირველი პერიოდი 25:8, ხოლო მეორე – 29:18 მოუგო ქუთაისს და დიდ შესვენებაზე 28 ქულით ლიდერობდა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებს სროლა არ წაუვიდათ და ბევრი ჩასაგდები ბურთი ააცილეს, მაგრამ ასეთი დიდი სხვაობა მაინც ნამეტანი გახლდათ.

კოტე ტუღუშმა თავის გაწვრთნილი გუნდის წევრებს დიდ შესვენებაზე სავარაუდოდ მკაცრი გაკვეთილი ჩაუტარა და მესამე პერიოდიდან მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. იმერულმა კლუბმა მჭიდრო პრესინგს მიმართა, რამაც გაამართა და 11:2 გაქცევის შემდეგ ქუთაისელთა ჩამორჩენა 20 ქულას ჩამოსცდა. ვსა-ს მწვრთნელმა, დავით ნოზაძემ წუთშესვენება აიღო, მაგრამ სტუმართა მიძალება ბევრით ვერ შეასუსტა. სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა და მესამე პერიოდის ბოლოს 13 ქულა შეამცირა. აქ საკვანძო იყო ბოლო წამები, როცა ანგარიშში სხვაობა 10 ქულა იყო და გიორგი სულაბერიძემ 1 ბონუს-საჯარიმო ვერ ჩააგდო, ბურთი ვსა-მ მოხსნა და დარჩენილ 5 წამში, სირენის თანხლებით, ჯერმეინ ჰედმა სამქულიანი ჩააგდო – 74:61. 

სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა, მე-4 პერიოდი რომ 9-ქულიანი სხვაობით განახლებულიყო, რადგან ვსა-ს თითოეული ჩაგდებული ბურთი ქუთაისელთა წნეხს და წაგებას მოასწავებდა. აკაკი დვალიშვილისა და მარქილ სმიტის ქულებით სტუმრებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ქსავიერ ჰილ-მეისმა და ჯერმეინ ჰედმა შედეგიანი გარღვევებით უპასუხეს და სხვაობამ 14 ქულას უწია. ქუთაისი შორი სროლებით ვითარების გამოსწორებაზე გადავიდა, მაგრამ მიზანი არ წაუვიდა, თამაშის ბოლო წუთებმაც ისე მოატანა, რომ სხვაობა 10 ქულაზე დაბლა აღარ ჩამოსულა. საბოლოოდ ვსა-მ 88:74 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და წინა ტურში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან დასანანი მარცხის შემდეგ ხასიათი და სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ვსა-მ ქუთაისი მეორედ დაამარცხა. პირველად ეს დუდუ დადიანის მემორიალზე მოხდა, როცა ვსა-მ 89:84 იმარჯვა.

გამარჯვებულებს ჯერმეინ ჰედმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 13 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა და 10 მოხსნა ქსავიერ ჰილ-მეისმა, ხოლო 10 ქულა და 12 მოხსნა შაქუან ჯულსმა მიითვალა. ანზორ ნადირაძის ანგარიშზე 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთა შორის 20 ქულით ბომბარდირი გიორგი ოჩხიკიძე გახდა, 14 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მარქილ სმიტმა მიითვალა. კაპიტან აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.