VTB-ის ლიგის დაწყებამდე ვითამ თუქულ ბეშიქთაშთან 2 სპარინგ-მატჩი გამართა

VTB-ის ლიგის დაწყებამდე ვითამ თუქულ ბეშიქთაშთან 2 სპარინგ-მატჩი გამართა

თბილისის ვითა VTB-ის ლიგაში საასპარეზოდ ემზადება. ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში საქართველოს 7-გზის ჩემპიონს არაერთ გრანდთან მოუწევს თამაში – თბილისში ჩამოვლენ მოსკოვის ცსკა, ყაზანის უნიკსი, მოსკოვის ხიმკი, ნიჟნი ნოვგოროდი, კრასნოდარის ლოკომოტივი, ჩეხური ნიმბურკი, ლენინგრადის ზენიტი და სხვა ექსტრა-კლასის გუნდები.
ვითამ გასულ უქმეებზე 2 მოსამზადებელი მატჩი გამართა და სპარინგ-პარტნიორად საკმაოდ ძლიერი გუნდი შეარჩია. თბილისს ამხანაგური მატჩების სათამაშოდ სტამბოლის ბეშიქთაში ესტუმრა. თურქულ გრანდს ფინეთის ნაკრების თავკაცი ჰენრიკ დეტმანი წვრთნის, ხოლო შემადგენლობაში სტამბოლელებს ისეთი მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავთ, როგორებიც არიან ნეით უოლტერსი, ჩენქ აქიოლი, ტრემელ დარდაი, მაჩეი ლამპე, ერიკ მერფი…

სპორტის სასახლეში გამართული ორივე მატჩი სტამბოლელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველი შეხვედრა სტუმრებმა 104:53 მოიგეს, ხოლო მეორეში ვითამ საკუთარი ძალა გამოაჩინა და იმედისმომცემი მატჩი ჩაატარა. პაველ გოოგეს გაწვრთნილი ვითელები ბოლო მეოთხედამდე იგებდნენ, ხოლო მატჩის ბედი უკანასკნელ წუთებზე გადაწყდა. სტამბოლურმა გრანდმა მეორე სპარინგ-მატჩში ვითა 80:73 დაამარცხა.
პირველ მატჩში ქართულ კლუბში საუკეთესო იყო რალსტონ თერნერი, რომელმაც 18 ქულა დააგროვა, ხოლო მეორე შეხვედრაში თერნერს დარიუს კარტერიც შეუერთდა – ამ კალათბურთელებმა 13-13 ქულა მიითვალეს. ვითელი პიეირა ანრის ანგარიშზე კი 10 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა.
ამასობაში VTB ლიგის დასაწყისმაც მოატანა – თბილისელები 4 ოქტომბერს პირველი ტურის მატჩში ვოლგოგრადის „კრასნი ოკტიაბრს“ უმასპინძლებენ, ხოლო 8 ოქტომბერს სპორტის სასახლეში მოსკოვის ცსკა-ს ვიხილავთ.

 
კლუბ ვითას ფეისბუქ-გვერდის ფოტოები