ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზაზა ფაჩულიამ მორიგი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრი თავისი გუნდის ბომბარიდი გახდა 16 ქულით. მისი ამ შედეგს ატლანტელთა მარცხმა ოდნავ ეშხი დაუკარგა. „ქორებმა“ სეზონის სადებიუტო 6 მოგების შემგენ დღეს გამთენიისას ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს. ატლანტელებმა შინ „მილუოკისთან“ 91:108 წააგეს.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 22,43 წუთი გაატარა და მილუოკელთა ფარს საშუალო დისტანციიდან 7–ჯერ შეუტია, საიდანაც 6 ნასროლი ზუსტი აღმოჩნდა. ზაზამ 6 საჯარიმოდან 4 ჩააგდო და 16 ქულა დააგროვა. ფაჩულიას 5 მოხსნა და 1 პასიც ჰქონდა.
სხვათა შორის, 7–დან 6 ორქულიანი ჩააგდო „ატლანტას“ ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა, თუმცა მან მხოლოდ 14 ქულის დაგროვება მოახერხა. ატლანტელებმა შეხვედრა კარგად კი დაიწყეს და პირველი მეოთხედი 26:21 მოიგეს, მაგრამ მომდევნო ორ პერიოდში მილუოკელებმა ისე კარგად ითამაშეს, რომ გამარჯვებულის ვინაობა სათავისოდ გადაწყვიტეს. მე–2 და მე–3 მეოთხედი „მილუოკიმ“ ჯამში 67:33 მოიგო და ბოლო მეოთხედს აზრიც დაეკარგა.
მომდევნო მატჩს “ატლანტა ჰოუქსი” 12 ნოემბერს შინ “იუტა ჯაზთან” ჩაატარებს.
ზაზა ფაჩულია მილუოკელ ჯონ ბროკმანს უფარებს