ზაზა ფაჩულია “ატლანტას” ხუთეულში შედეგიანად გამოჩნდა

ზაზა ფაჩულია “ატლანტას” ხუთეულში შედეგიანად გამოჩნდა

მიმდინარე სეზონში ზაზა ფაჩულია პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში. ეს მოხდა ამ გამთენიისას, როცა „ატლანტა ჰოუქსმა“ სტუმრად „შარლოტ ბობქეთსი“ 103:87 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე მთლიანობაში 28 წუთი გაატარა და დროის ეს ხანგრძლივობა მიმდინარე სეზონში რიგით მეორეა. ამაზე მეტი ფაჩულიამ სეზონის გახსნის მატჩში ითამაშა, როცა „ატლანტამ“ „მემფისი“ 119:104 დაამარცხა, ზაზამ კი 29,37 წუთში 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
 

ფაჩულიას დაფარებას შარლოტელი
ნაზრ მოჰამედი ცდილობს
 
ფაჩულია ამჯერად ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, თუმცა მან საკმაოდ კარგად ითამაშა და ატლანტელთა გამარჯვებაშიც სოლიდური წვლილი შეიტანა. ქართველ ცენტრს ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – მან 9 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, რასაც 2 ჩაჭრა და 1 პასიც მოაყოლა. ზაზამ თამაშიდან 5 სროლა განახორციელა და 3 ჩააგდო, ხოლო საჯარიმოდან 4–ში 3 მიითვალა.
 
აქამდე ატლანტელთა ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე უხეირო ჯეისონ კოლინსი თამაშობდა. მისგან არანაირი სარგებელი არ იყო შეტევაში და ალბათ იმიტომ იწყებდა თამაშს, რომ დაცვაში თამაში გამოსდიოდა. როგორც ჩანს, ატლანტელთა მწვრთნელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კალათბურთელს, რომელსაც საშუალოდ 2,1 ქულა და 2,3 პასი აქვს, ხუთეულში არ უნდა იყოს. ფაჩულიას ბევრით მეტი არ აქვს, მაგრამ ეს სწორედ იმიტომაა, რომ ქართველ ცენტრს სათამაშო დრო მცირე ჰქონდა.
 
საერთოდ, ბოლო მატჩებში ფაჩულიას სათამაშო დრო გაეზარდა. წინა 2 მატჩში ზაზამ ჯამში 47 წუთი ითამაშა, ახლა კი ხუთეულშიც გამოჩნდა და მოედანზე საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო. საკითხავია, დატოვებს თუ არა მწვრთნელი ფაჩულიას სასტარტო შემადგენლობაში. ამას მომდევნო მატჩში ვნახავთ, რომელსაც „ატლანტა“ 26 იანვარს მილუოკიში გამართავს.