ზაზა ფაჩულია: მე ყოველთვის საქართველოს ნაკრების ერთგული ვიქნები
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროსაკვალიფიკაციო მატჩებში რომ წარმატებებს აღწევს, ეს უპირველესად გუნდური თამაშის გამოა. არადა, ჩვენი ეროვნული გუნდი ყოველთვის ლიდერების მარიფათზე იყო დამოკიდებული. რაღა შორს წავიდეთ წარსულში, ჯერ კიდევ შარშან საქართველოს ნაკრების წარმატება ზაზა ფაჩულიას შეძლებაზე იყო დამოკიდებული. იგორ კოკოშკოვმა ჩვენს ეროვნულ გუნდში სულ სხვა წყობილება მოიტანა და ფაჩულია დღეს ჩვენი ნაკრების ერთ–ერთი ლიდერია სხვებთან ერთად. ეს ტაქტიკა ამართლებს და ყველა კმაყოფილია, თავად ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც, რომელიც, სხვათა შორის ბოლო მატჩის გმირია: 27 წუთში 27 ქულა მიითვალა და ქართველების სლოვაკეთში გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. ფაჩულია ახლა შვედეთშია და მასპინძლებთან ხვალინდელი ბრძოლისთვის ემზადება. ქართველი ქომაგისთვის საინტერესო უნდა იყოს ნაკრების ერთ–ერთ ლიდერთან ინტერვიუ და ჩვენ ზაზას შვედეთში შევეხმიანეთ
ზაზა ფაჩულია სლოვაკთა ლიდერ რადოსლავ რანჩიკს ეღობება
– ზაზა, რით ახსნი ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებულ თამაშს?
– პირველ რიგში, რაც თვალში საცემია, უდიდესი მონდომებაა. ყველა გულით უდგება საქმეს. კარგი შემადგენლობა რომ გვყავს, ეს აქამდეც ვიცოდით. ახალგაზრდებიც არ გვაკლია და ეს კიდევ დამატებით იმედს იძლევა, რომ მომავალში კიდევ უფრო მოვუმატებთ. ამასთან, ახალ მწვრთნელს გუნდი კარგად აჰყვა და იგორ კოკოშკოვის საქმისადმი სწორმა მიდგომამ ნაყოფი გამოიღო.
– ეს ზოგადად და კონკრეტულად რომელ სათამაშო კომპონენტს გამოარჩევდი?
– უკვე ბევრმა ახსენა და მეც გავიმეორებ, რომ ჩვენი ნაკრები გუნდურად თამაშობს. რაც მართლა მუშაობს, ესაა და ამის მთავარი შემოქმედი ახალი მწვრთნელია, თუმც ისიც სათქმელია, რომ მოთამაშეები რომ არ იყვნენ სათანადო ფორმაში, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ყველა კარგად არის მომზადებული და მოტივაციაც არავის დაეწუნება. გუნდურად ვთამაშობთ და გამარჯვების მისაღწევად მეტი რამ არცაა საჭირო.
– ფორმაში ყოფნა ალბათ ხანგრძლივმა შეკრებამ განაპირობა…
– რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ეგაა. გუნდი რა ხანია, ერთადაა და ისე შეიკრა და შეთამაშდა, რომ მოედანზე ერთმანეთს უპრობლემოდ ვუგებთ. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ერთმანეთის ხასიათი კარგად ვიცით. თუმც აქამდე ისიც გვიშლიდა ხელს, რომ სრულად ვერ ვიკრიბებოდით დროულად. შარშან ნიკა ცქიტიშვილი გვაკლდა, ვიქტორ სანიკიძემ ტრავმა მიიღო და გუნდი მოიშალა. ახლა კი დროულად შეიკრიბა ნაკრები და თან მწვრთნელმაც უდიდესი სამუშაო გასწია.
– რას იტყვი იგორ კოკოშკოვზე? ჩანს, რომ მისით კმაყოფილი ხარ…
– კმაყოფილი როგორ არ უნდა ვიყო, სამივე თამაში ერთი ამოსუნთქვით მოვიგეთ. იგორ კოკოშკოვს თამაში სწორად მიჰყავს და შედეგსაც აღწევს. მართალია, შეუცდომელი არავინაა, მაგრამ მისი მოქმედება ძალიან მოსაწონია.
– კოკოშკოვმა თქვა, რომ ზაზა მაშინ ვნახე, როცა ნბა–ში პირველი თამაში ჩაატარა საზაფხულო ლიგაზეო.
– მართალია, მან „ორლანდოში” პირველივე შეკრებისას მნახა. კოკოშკოვს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ის ნანახი მყავდა ნბა–ს თამაშებზე, როცა იგი „დეტროიტ პისტონზში” მუშაობდა. ეს გუნდი ნბა–ში ერთ–ერთი საუკეთესოა როგორც შედეგებით, ასევე ორგანიზაციით. ამ გუნდში კოკოშკოვს უმუშავია ისეთ დიდ მწვრთნელებთან, როგორებიც არიან ლარი ბრაუნი და ფლიპ სონდერსი. ერთ–ერთ წელს მისი გუნდიდან ოლ სტარში 4 კალათბურთელი მოხვდა. ამას დაუმატეთ ის, რომ მას ევროპულ კალათბურთშიც უმუშავია, სერბეთის ნაკრებში ჟელკო ობრადოვიჩის ასისტენტი იყო და უკვე ზედმეტია კოკოშკოვისის კომპეტენციაზე ლაპარაკი.
– კოკოშკოვის მოსვლით გუნდის წევრთა სტატისტიკა მეტნაკლებად გათანაბრდა. არადა, აქამდე შენ გაუპროტესტებელი ბომბარდირი იყავი. ლიდერის ფუნქციების დათმობა დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?
– გუნდური თამაშის მომხრე ვარ და რაც საჭირო იქნება გუნდისთვის, ყველაფერს გავაკეთებ. იქნება 20 ქულა საჭირო გამარჯვებისთვის, ჩავაგდებ 20 ქულას, იქნება ნაკლები, გული არ დამწყდება. საჭირო იქნება მოედანზე აგრესიის გამოხატვა, არც ამაზე დავიხევ უკან. მე გუნდის კაპიტანი ვარ და ჩემთვის მხოლოდ გამარჯვებაა მთავარი და არ აქვს მნიშვნელობა, რამედენი ქულა მომიგროვდება. მაგალითად წინა მატჩში ვიქტორ სანიკიძეს ყველაფერი გამოსდიოდა, მისი შემჩერებელი არავინ იყო და ცხადია, არც არავის უფიქრია საკუთარ მონაგარზე. იმის წინა მატჩში ცქიტიშვილს და ვლადიმერ ბოისას წაუვიდა თამაში, ტაირონ ელისიც მოწოდების სიმაღლეზეა და ეს გუნდური თამაშია მოგებების გარანტი.
– სლოვაკეთთან შენი ჯერიც დადგა…
– სწორედ ამას ვამბობ, რომ როგორც მატჩი გვიკარნახებს, ყველა ისე მოვიქცევით. ბოლო შეხვედრაში მე წამივიდა თამაში და გუნდმა ხელი შემიწყო. ასე ვიზავდი მეც, სხვას რომ ჩემზე მეტად წასვლოდა. თუმცა ეს 27 ქულა ჩემთვის არაფერია იმ გამარჯვებასთვან, რაც მთლიანად გუნდმა მოიპოვა. სტატისტიკით რამის განსაზღვრა არ მიმაჩნია მართებულად. ეგრე გიორგი ცინცაძემ და ლაშა გამყრელიძემ თითო ბურთი ჩააგდეს, მაგრამ მათი როლი გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესია.
– განვლილი მატჩების იოლად მოგება შენთვის მოსალოდნელი იყო?
– ვინ თქვა, რომ იოლად მოპოვებული გამარჯვებებია? მართალია, ყველა შეხვედრაში დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ, მაგრამ ყოველ მატჩში ბიჭებმა უდიდესი შრომა ჩადეს. ანუ იოლი არ ყოფილა, რაკი ყველა დაიხარჯა და გამარჯვებასაც ალალად ვიმსახურებდით. ერთი ის იყო, რომ თუკი სლოვაკეთთან 35 ქულით გავიჭრებოდით წინ, ეს ნამდვილად არ გვეგონა. სამივე მატჩის მოგება მოულოდნელი არანაირად არ ყოფილა, რაკი თუ ელიტაში ასვლის პრეტენზია გაქვს, ასეთ გუნდებს უნდა ულაპარაკოდ უნდა ამარცხებდე. როგორ უნდა გამიკვირდეს სლოვაკეთის, ან ირლანდიის დამარცხება, როცა მოსამზადებელ პერიოდში ლატვიას, ჩეხეთს და უკრაინას ვაჯობეთ.
– ავსტრიასთან?
– ეგ მატჩები ჩვენ წავაგეთ და სადღაც საჭიროც იყო. დავინახეთ, რომ ოდნავი მოდუნებაც კი არ შეიძლება. თუმცა დაიწყო საკვალიფიკაციო მატჩები და დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვძლებია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და თუკი მოვინდომებთ, არაფერი გაგვიჭირდება.
– ეს სამი გამარჯვება ფსიქოლოგიურად როგორ იმოქმედებს შვედეთში?
– არა მგონია, ამ სამი მოგების გამო ვინმემ ცხვირი აწიოს და შვედეთთან დაარხეინებული გავიდეს მოედანზე. ყველამ იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თამაშის მოგებას ჩვენთვის და მჯერა, რომ რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა არ შეგვექმნება.
– შვედეთის მატჩის შემდეგ თბილისში ჩამოხვალ?
– სანამ მაგაზე გიპასუხებ, სხვა რამე მინდა ვთქვა, რაც საქართველოში და ნაკრებში ჩემს ჩამოსვლას ეხება. ბევრს ეგონა, რომ ზაზა ფაჩულია ნაკრებში არ ჩამოვიდოდა. ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ მე ყოველთვის საქართველოს ნაკრების გვერდით ვიქნები. შარშანდელი ამბების გახსენება არ მინდა, ეს უკვე წარსულია, წერტილი აქვს დასმული და შედეგი ისაა, რომ მე ახლა საქართველოს ნაკრებში ვარ და არაფერს ვიშურებ გამარჯვებისთვის. კითხვის ნიშნები, ჩამოვა თუ არა ფაჩულია ნაკრებში, ყველას შეუძლია, წაშალოს. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, ეს პირველი შემთხვევაა 12 წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც სათამაშოდ უცხოეთში წავედი, როცა ზაფხულში თბილისში არ ვარ. ასე მოხდა და ამაში ვერავის დავადანაშაულებ. ნაკრების მატჩები 17 სექტემბერს მთავრდება და ამდენი დატვირთვის შემდეგ დასვენება მინდა, რომ ნბა–ს ახალი სეზონისთვის მოვემზადო. უკვე 2 კვირაში საგამოფენო მატჩები იწყება და აუცილებლად დასვენებული უნდა ვიყო, რადგან „ატლანტაში” ჩემი ბოლო სეზონია და თავის განსაკუთრებით გამოჩენა მმართებს, კარგი კონტრაქტი რომ დავიმსახურო – ისევ „ატლანტა” იქნება ეს თუ ნბა–ს სხვა რომელიმე გუნდი.