ზაზა ფაჩულია მოედანს “კლიპერსთან” მოგებულ მატჩში, პირადი რეკორდით დაუბრუნდა

ზაზა ფაჩულია მოედანს “კლიპერსთან” მოგებულ მატჩში, პირადი რეკორდით დაუბრუნდა

ზაზა ფაჩულია მოედანს რეკორდით დაუბრუნდა. რაც „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა, ქართველი ცენტრის მაქსიმუმი 3 დაფარება იყო. დღეს, გამთენიისას, „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ მატჩში ზაზამ 4 დაფარება მოაგროვა, რაც, თავისთავად, პირადსარეკორდო შედეგია.
ოკლენდელთა მწვრთნელმა, სტივ კერმა 5 კვირის წინ თქვა, რომ ფაჩულია მოედანს 24 თებერვალს დაუბრუნდებოდა და ასეც მოხდა. ზაზამ „კლიპერსთან“ საშინაო მატჩი სასტარტო ხუთულში დაიწყო და მოედანზე ყოფნის უკვე მე-5 წუთზე 3 დაფარება ჰქონდა დაგროვილი. საბოლოოდ ფაჩულიამ 18 წუთს ითამაშა დათმობილი დროის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანიც იყო: 6 ქულა, 6 მოხსნა, 4 დაფარება, 1 ჩაჭრა და 1 პასი. ზაზა შეტევაში ასპროცენტიანი იყო და 3 ცდიდან სამივე ორქულიანი გამოიყენა.
ფაჩულიასთვის მიმდინარე თვეში ეს პირველი მატჩი იყო. მან 30 იანვარს, „პორტლენდთან“ მოგებულ მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და 8 მატჩი გამოტოვა. ქართველი ცენტრის მოედანზე დაბრუნება კი შთამბეჭდავი გამოდგა: მისი ოპონენტი გახლდათ დეანდრე ჯორდანი, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამფარებელი, რომელმაც დღევამდელ მატჩში ერთი ბლოკ-შოტიც კი ვერ მიითალა. სხვა მხრივ ჯორდანი აქტიური იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 17 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, თუმცა საკუთრ გუნდს მაინც ვერ უშველა.
„გოლდენ სტეიტმა“, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 49:61 აგებდა, „კლიპერსი“ მე-3 პერიოდში გატეხა. ოკლენდელებმა თანაშტატელებს თავბედი აწყევლინეს – პერიოდი 50:26 მოუგეს და ფსიქოლოგიურად გატეხეს, რის შემდეგაც გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ – 123:113. „გოლდენ სტეიტმა“ ამ მატჩში 13 სამქულიანი ჩააგდო, რომელთაგანაც 9 მე-3 პერიოდზე მოდის. ამ 9 სამქულიანის ავტორი 2 მოთამაშე იყო – სტეფ კარი და კევინ დიურანტი. პირველმა საბოლოოდ 35 ქულა მოაგროვა, მეორემ კი – 25.
„გოლდენ სტეიტი“ კვლავ ნბა-ს ლიდერია: 48 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და უახლოეს მდევარ „სან ანტონიოს“ გვარიანად უსწრებს. მომდევნო მატჩი ოკლენდელებს ისევ შინ, 26 თებერვალს, „ბრუკლინ ნეთსთან“ ელის.