საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. აეროპორტში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ზაზა ფაჩულიას გავესაუბრეთ. ეს უკანასკნელი ტაირონ ელისთან ერთად ჩვენი გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.
ზაზა ფაჩულია: “პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთული, მძიმე შეხვედრა მოვიგეთ. პირველ ტაიმში ბევრი არაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ დიდი შესვენების მერე გუნდი გადაეწყო და საბოლოოდ, ზედიზედ მეორე მატჩი მოვიგეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია და ერთი დივიზიონით მაღლა რომ ავიდეთ, კიდევ ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ.
– ზაზა, რის გამო არ წაგვივიდა თამაში პირველ ნახევარში?- ყველაფერი ხდება. ეს კალათბურთია, სადაც თამაში არა 20, არამედ 40 წუთი მიდის. პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომების მიუხედავად, მეორე ნახევარში მატჩის გადასარჩენად დიდი დრო გვრჩებოდა. ამასთან ერთად, ავსტრიამ პირველ ტაიმში თამაშიდან თითქმის ყველა ნასროლი ბურთი ჩააგდო, ჩვენ კი – ვერა.- რას ელით ისლანდიასთან გასამართი მატჩისგან?- იოლი მატჩი არ გვექნება, მაგრამ გვჯერა, რომ მოვიგებთ და ამ წლის ბოლო შეხვედრას, გასვლაზე ფინეთთან კარგი განწყობით შევხვდებით.- დასაწყისში 3-დან 3 ჯარიმა ვერ გამოიყენე, რის მერეც ზედიზედ 9 იდენტური ტყორცნა ზუსტად შეასრულე. ასეთი რამ ადრე თუ გაგიკეთებია?- სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ცუდი სტარტის მერე, ყველაფერი კარგად გავაკეთე და ყველა ჯარიმაც გამოვიყენე.- დიდი მადლობა საუბრისთვის და წარმატებას გისურვებთ.- თქვენ მადლობა.