ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში გასვლამდე 14 000 ხმა დააკლდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „დალას მავერიკსის“ ცენტრი დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის, რომელთაგანაც საოლსტარე გუნდის სასტარტო ხუთეულში საუკეთესო 3 გადიოდა, მე-4 ადგილი დაიკავა. ფაჩულიამ მთლიანობაში 768,112 ხმა დააგროვა და ოდნავ ჩამორჩა „სან ანტონიოს“ წევრ კავაი ლეონარდს, რომელიც ოლ სტარის სასტარტოებში 782,339 ხმით შევიდ.
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) 1 891 614
კევინ დიურანტი (ოკლაჰომა სიტი) – 980 787
კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) – 782 339
ზაზა ფაჩულია (დალასი) – 768 112
დრაიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) – 726 616
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) – 651 860
ენეს კანტერი (ოკლაჰომა სიტი) – 534 499
ფაჩულიამ ბოლო არასრულ 1 კვირაში 450,000 ხმაზე მეტი მიიღო, რაც გამორჩეული შედეგია და ამას ნბა-ს ანალიტიკოსები გამორჩეულად აღნიშნავენ. ზაზამ ზურგსუკან მოიტოვა მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავები – ტიმ დანკანი, დემარკუს ქაზენსი, ბლეიკ გრიფინი, დრეიმონდ გრინი.
სასტარტო ხუთეულები საბოლოოდ შემდეგნაირად გამოიყურება:
აღმოსავლეთ კონფერენცია: ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), პოლ ჯორჯი (ინდიანა), კარმელო ენტონი (ნიუ იორკი), დუეინ ვეიდი (მაიამი), კაილ ლოური (ტორონტო)
დასავლეთ კონფერენცია: კობი ბრაიანტი (ლეიკერსი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა), კევინ დიურანტი (ოკლაჰომა), კავაი ლეონარდი (სან ანტონიო).
ოლ სტარის მონაწილე დანარჩენ 8-8 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები დაასახელებენ. შესაბამისად, არსებობს ქართველი ცენტრის ოლ სტარზე მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს “სან ანტონიოს” თავკაცი გრეგ პოპოვიჩი გაწვრთნის და მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ზაზა ოლ სტარში.