ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ამერიკელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე დღის წინ გამოარკვიეს. კერძოდ, გასული კვირის შუაში ამერიკულ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ „ატლანტა ჰოუქსი“ და ზაზა ფაჩულია ახალ, 4 წლიანსა და 19 მილიონიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. პრესას წყაროდ მოჰყავდა ამ მოლაპარაკებებში მონაწილე ადამიანი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. მერე თავად ზაზამ განაცხადა, რომ კონტრაქტს ხელს 13 ივლისს მოაწერდა და აი, ყველაფერი ზუსტად ასეც მოხდა.
სულ რამდენიმე საათის წინ „ატლანტამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზაზა ფაჩულიასთან 19 მილიონ დოლარად ღირებული 4–წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი ცენტრი, რომელმაც გასული 4 წელიწადი „ჰოუქსში“ გაატარა, ამ კლუბში კიდევ მინიმუმ 4 სეზონს გაატარებს.
ფაჩულიასთან ერთად ატლანტელებმა კონტრაქტი გაუხანგრძლივეს მაიკ ბიბის – ამერიკელი გამთამაშებელი 3 წელიწადში 18 მილიონ დოლარს მიიღებს. ატლანტელებმა 1 თვის წინ გოლდენსტეიტელი ჯამალ კროუფორდი შეიმატეს და მომავალ სეზონში ალბათ უფრო მეტის მიღწევას ეცდებიან, ვიდრე გასულში მოახერხეს. ყოველ შემთხვევაში, ფაჩულია ამგვარი ოპტიმისტური განწყობითაა… „ჩემთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა, რომ ატლანტა დამეტოვებინა და სადმე სხვაგან გადავსულიყავი. მსურს, ამ გუნდში მეტ წარმატებას მივაღწიო. ახალ სეზონში პლეი ოფის მეორე წრეში გასვლას აღარ დავჯერდებით და უფრო მაღალი შედეგებისთვის, ჩემპიონობისთვისაც კი ვიბრძოლებთ“ – განუცხადა ფაჩულიამ “ასოშეითედ პრესს”.