ზაზა ფაჩულიამ ნბა-ს საჩემპიონო თასი სპორტის სასახლეში საზოგადოებას წარუდგინა

ზაზა ფაჩულიამ ნბა-ს საჩემპიონო თასი სპორტის სასახლეში საზოგადოებას წარუდგინა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის თასი თბილისის სპორტის სასახლეში ქართველ გულშემატკივარს წარუდგინა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ჯილდოს ოფიციალურ წარდგენაზე კალათბურთის სამყაროს წარმომადგენლებმა და გულშემატკივრებმა მოიყარეს თავი.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები და ვეტერანი მოთამაშეები დაესწრნენ.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის ტიტული „გოლდენ სტეიტ უორიორზის” შემადგენლობაში ივნისის დასაწყისში მოიგო. მისმა გუნდმა სუპერფინალურ სერიაში „კლივლენდ კეველიერსი” 4:1 დაამარცხა.
7 აგვისტოს ზაზა ფაჩულიას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა. პრეზიდენტმა ფაჩულია ქართული კალათბურთის წინსვლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
 ფოტო – თამუნა ყულუმბეგაშვილი