ზაზა ფაჩულიას გმირობა და სტუმრად დამარცხებული “ორლანდო”

ზაზა ფაჩულიას გმირობა და სტუმრად დამარცხებული “ორლანდო”

ზაზა ფაჩულია მატჩის გმირია! ქართველმა ცენტრმა „ატლანტას“ ორლანდოში მეტად პრინციპული მატჩი მოაგებინა. ფაჩულიას საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ მისი გმირობა იმაში მდგომარეობს, რომ დამატებით დროში, როცა საფინალო სირენამდე 10 წამი რჩებოდა, ზაზამ თანაგუნდელ მარვინ უილიამსის აცილებული საჯარიმო მოხსნა და წამებში თავად აღმოჩნდა საჯარიმოს ხაზზე. ამ დროისთვის „ატლანტა“ 1 ქულით იგებდა, ფაჩულიამ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა – 89:87. ორლანდოელებს კი დარჩათ მცირედი დრო და 2 სამქულიანის სროლაც მოასწრეს, მაგრამ მათი შეტევები ქაოტური და უშედეგო აღმოჩნდა.

ზაზა ფაჩულია დუაიტ ჰოვარდს მეურვეობს
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 43 წუთი გაატარა. მასზე მეტ ხანს ატლანტელთაგან მხოლოდ ჯოშ სმიტმა ითამაშა, რომელმაც 23 ქულა, 19 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველი ცენტრის სტატისტიკა სმიტისას ვერ უტოლდება, თუმცა ფაჩულიამაც საკმაოდ შედეგიანად და აკურატულად ითამაშა. 6 ოქრულიანიდან ზაზამ 3 ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 გამოიყენა. საბოლოოდ ფაჩულიამ 9 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა ისე, რომ ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან აღმოსავლეთ კონფერენციაში ამ 2 გუნდის დაპირისპირებას საკუთარი ისტორია აქვს. „ატლანტა“ და „ორლანდო“ პლეი ოფში ხშირად ხვდებიან და სერიაში დიდი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. ამჟამად „ორლანდო“ სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში 1 პოზიციით ჩამორჩება ფაჩულიას გუნდს და ამ შეხვედრის შემდეგ ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა.
„ატლანტას“ 18 გამარჯვების წილ 9 მარცხი აქვს და „ორლანდოს“ ძლევის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციის გამაერთიანებელ ცხრილში „ინდიანას“ მეოთხე ადგილი წაართვა. მომდევნო გამოცდა ატლანტელებს ზეგ შინ ელით – “ჰოუქსის” მეტოქე დიდი ტრიოს გუნდი – ლებრონ ჯეიმსის, დუეინ ვეიდისა და კრის ბოშის „მაიამი“ იქნება.
ორლანდო – ატლანტა მატჩის საუკეთესო მომენტები: VIDEO