სუპერლიგის მე-9 ტური დღეს იმერეთში დასრულდება. აღნიშნულ რეგიონში დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი დასრულდა. ტყიბულში გამართულ იმერულ დერბიში ერთმანეთს ორბი და ზესტაფონის მარგვეთი შეხვდნენ. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – “მარგვეთმა” 79:70 (სტატისტიკა) დაამარცხა და ცხრილში მე-2 ადგილი გაიმყარა. ეს გახლდათ ზესტაფონური გუნდის მე-6 გამარჯვება მე-9 მატჩში და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ თსუ-ს, სუპერლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს ჩამორჩება.
შეხვედრის გარდამტეხი მომენტი მე-2 პერიოდში დაფიქსირდა, როცა თანაბრად მიმდინარე თამაშში ზესტაფონელებმა შტურმი მოაწყვეს. 4-წუთიანი მონაკვეთი მარგვეთმა ორბს 18:2 (!) მოუგო, რითაც სოლიდური ლიდერობა მოიპოვა და ბოლომდე იოლად შეინარჩუნა. პირველი პერიოდი 18:18 დასრულდა, მეორეც თანაბრად დაიწყო და თითქოს არაფერი მოასწავებდა იმ ცალფარას, რაც მოედანზე გათამაშდა. მეორე პერიოდის მე-3 წუთზე ანგარიში 26:26 იყო, როცა ზესტაფონელთა ლეგიონერის, კრისტიან ჯონსის ზე-შედეგიანობით მარგვეთმა გაქცევა მოაწყო.
უფრო ზუსტად, ჯონსმა ჩააგდო უმეტესი ქულები ზემოხსენებულ 18:2 გაქცევისას. მას ხელი ვახტანგ გაფრინდაშვილმა და რაჰსან ედვარდსმაც შეაშველეს. დიდ შესვენებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში ზესტაფონელებს 16 ქულით – 44:28 იგებდნენ. ამის შემდეგ მასპინძლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მეტოქესთან ახლოს მისვლა ვეღარ მოახერხეს.
ზესტაფონელებს სწორედ ჯონსმა ულიდერა, რომელმაც შესაშური შედეგიანობით ესროლა: 7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო. მის ანგარიშზე მთლიანობაში 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 3 პასი დაგროვდა. 21 ქულა მოაგროვა მელიკ მარტინმა, ხოლო 18 წლის ლუკა კოტლიავევსკის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. ორბში 16 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო დონდრე რედიკი, ახალწვეულმა ტაისონ ჯექსონმა 11-11 ქულა-მოხსნა მიითვალა.
მე-9 ტური დღეს, ქუთაისისა და გაგრის ამრას მატჩით დასრულდება.