გუშინ, თბილისში დაწყებული სუპერლიგის მე-18 ტური დღეს იმერეთში გრძელდება. დასავლეთ საქართველოს ამ რეგიონში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი უკვე ჩატარდა, რომელსაც ზესტაფონმა უმასპინძლა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა მარგვეთმა დაძაბულ ბრძოლაში – 95:90 (სტატისტიკა) დაამარცხა თბილისის რაში და სუპერლიგაში მე-9 გამარჯვება მოიპოვა.
რაშისთვის ამ მატჩის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მამუკა ტურაშვილის გუნდს მოგება საიმისოდ სურდა, რომ ცხრილში
გასავარდნ ზონას დაშორებოდა. რაშს 7 მოგება აქვს, თუმცა ეს არ აძლევს საშუალებას, მშვიდად იყოს, რადგან სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდები მოგებას მოგებაზე ითვლიან.
რაში სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი შემადგენლობით არ გამოირჩევა, მოთამაშეების დაკლება გუნდის ბრძოლისუნარიანობას ვერ აქვეითებს. რაშმა ამას წინათ დაკარგა ერთ-ერთი ლეგიონერი და ლიდერი, ჯარეტ ჰენდერსონი, თუმცა მას მერე გუნდმა მოგებებები მიითვალა. დღევანდელ მატჩისთვის რაშს აკლდა ტრავმირებული ნოდარ გოგოძე, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და შანსს უკანასკნელ წუუთამდე ინარჩუნებდა.
რაშმა რამდენჯერმე აღმოფხვრა სოლიდური ჩამორჩეწნა, ბოლო პერიოდში დაწინაურდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ვერას გახდა. ზესტაფონელებმა საკუთარ დარბაზში დამაჯერებლად ითამაშეს, გადამწყვეტ მომენტში არ მოიშალნენ და გამარჯვებას მიაღწიეს. ზესტაფონელთა წარმატებაში მთავარი წილი ქართველებს – სანდრო სანაძესა და ვახტანგ გაფრინდაშვილს მიუძღვით. პირველმა 24 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 21 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. აკოლ მავეინმა მარგვეთს 19 ქულა და 10 მოხსნა შესძინა.
დღეს სუპერლიგის მე-19 ტურის კიდევ ერთი მატჩი ტყიბულში გაიმართება, სადაც ორბი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუდს შეხვდება.