აქტიურ ფაზაში შევიდა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი. მეოთხედფინალებიდან მხოლოდ ქუთაისი-რუსთავის სერია არ დაწყებულა, დანარჩენ 3 წყვილში კი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სამივე მათგანმა სერია მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ ფინალამდე სერიები 2 მოგებამდეა, ხოლო მომავალმა ჩემპიონმა ფინალურ სერიაში 3 მატჩი უნდა მოიგოს.
ჰიუნდაიმ პირველი მატჩი 70:68 მოუგო სპორტუნის, ხოლო საპასუხო შეხვედრაში უფრო იოლად – 85:79 სძლია. აღსანიშნავია, რომ სერიის პირველ მატჩს ჰიუნდაელები 21 ქულით აგებდნენ და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს 2 ქულით გამარჯვება. მეორე მატჩში კი ჰიუნდაი სულ წინ იყო და მეტოქის დიდი მცდელობის მიუხედავად ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა.
ჰიუნდაი ნახევარფინალში გავიდა, სადაც თსსუ-ს შეხვდება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 80:73 მოუგო დელტა გურჯაანში. მთელი თამაშის მანძილზე მდევრის როლში მყოფმა თსსუ-მ ანგარიში ბლო წუთებზე გაათანაბრა და უფრო მობილიზებულად მოთამაშემ გამარჯვებასაც მიაღწია. საპასუხო მატჩი დღეს, დიღომი არენაზე ჩატარდა და მედიკოსებმა მეტოქეს 84:72 სძლიეს.
მეორე ნახევარფინალური წყვილიდან 1 გუნდია ცნობილი. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა მეოთხედფინალში 2 მატჩი იოლად მოუგო დინამოს და ნახევარფინალში გავიდა. პირველ შეხვედრაში ვსა-მ მეტოქე 27 ქულით (94:67) დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩში 28 ქულით – 103:75 იმარჯვა. ვსა მეტოქეს ქუთაისისა და რუსთავის დაპირისპირებიდან დაელოდება.