18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბულგარეთთანაც ბოლო პერიოდში წააგო

18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ბულგარეთთანაც ბოლო პერიოდში წააგო

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ისევ წააგო და ტურნირის ბოლო – 21-24 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ავსტრიაში მიმდინარე ტურნირზე საკვალიფიკაციო მატჩი ბულგარეთთან გამართა და კვიპროსთან წინა შეხვედრისა არ იყოს, კარგად დაწყებული საქმე წარმატებით ვერ დააგვირგვინა.

საქართველოს ნაკრები პირველი ნახევრის შემდეგ 31:30 ლიდერობდა, ხოლო მესამე პერიოდის უმეტეს ნაწილს 3-5 ქულით იგებდა, თუმცა აღნიშნული მეოთხედის დასკვნით ნაწილსა და ბოლო ათწუთეულში ქართველებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, ბულგარელებმა კი პირიქით – ტემპს და სიზუსტეს მოუმატეს და მოპოვებული უპირატესობა აუღელვებლად შეინარჩუნეს. ბულგარეთმა საქართველო 80:69 დაამარცხა და ბრძოლა მე-17 ადგილისთვის განაგრძო, საქართველო კი, დარჩენილი 2 მატჩის მოგების შემთხვევაში 21-ე ადგილს დაიკავებს. 

საქართველოს ნაკრებში კვლავ ნატალია ოთხმეზური გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ნინო გადელიამ 12 ქულა, 7 მოხსნა და 7 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მარიამ ღარიშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 6 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი დაგროვდა.

მორიგ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 აგვისტოს, თბილისის დროით 17:45 საათზე გამართავს ტურნირის ერთ-ერთ უიმედო აუტსაიდერ კოსოვოსთან. ამ მატჩის მოგებული 21-ე ადგილისთვის მატჩით დაასრულებს ტურნირს, ხოლო წაგებული – 23-ე ადგილისთვის ითამაშებს. 

ბულგარეთი – საქართველო
სტატისტიკა: 80:69