9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, ამჯერად FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ალბანეთის, ჩრდ. მაკედონიის, მალტის და სომხეთის გუნდები.
ქვეყანაში არსებული პანდემიისა და მისი რთული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს განახორციელოს ის მნიშვნელოვანი აქტივობები, რომელიც არ შეაფერხებს და ხელს შეუწყობს მომავალი თაობისა და კალათბურთის განვითარებასა და წინსვლას.
FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის თამაშები ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით, გულშემატკივრების დასწრების გარეშე, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი), ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციასთან (Covid-19) დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში თამაშების ჩატარების/ორგანიზების და საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) რეგულაციებით გაიმართება.
ზემოთხსენებული „ბაბლის“ სისტემით, ხუთივე ნაკრები – საქართველო, ალბანეთი, ჩრდ. მაკედონია, მალტა და სომხეთი თბილისში შეიკრიბება და ერთ სასტუმროში დაბინავდება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ. აღნიშნული რეგულაციებით, 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა.
FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის მატჩებზე მედია-აკრედიტაციების მიღების მსურველებმა, 8 აგვისტოს ჩათვლით, ოფიციალური მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურის ელ-ფოსტაზე ➥ press.gbf@gmail.com.
- დამატებითი ინფორმაციისთვის და კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მიმართეთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურს ➥ 591 703 600; 598 300 409
გთავაზობთ 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის კალენდარს: