ნატალია ოთხმეზურის სარეკორდო 38 ქულა და კასპერელთა დომინაცია ამერიკის კოლეჯების ლიგაში

ნატალია ოთხმეზურის სარეკორდო 38 ქულა და კასპერელთა დომინაცია ამერიკის კოლეჯების ლიგაში

ნატალია ოთხმეზურის ზეშედეგიანი თამაში ამერიკის კოლეჯების ლიგაში. 19 წლის ქართველი გოგონა კასპერის კოლეჯის გუნდ “თანდერბერდში” გამოდის და გუნდის გაუსაჩივრებელი ლიდერია. ბოლო მატჩში, რომელიც კასპერელებმა 3 დეკემბერს, ოტეროს კოლეჯთან ჩაატარეს, ქართველმა ბომბარდირმა 38 ქულა ჩააგდო. პირადი რეკორდით ოთხმეზურმა კასპერს გამარჯვებისკენ ულიდერა – 95:81.

1 დღით ადრე, 2 დეკემბერს კასპერელებმა ტრინიდად სტეიტ კოლეჯი 90:66 დაამარცხეს, ოთხმეზურმა კი 23 ქულა მიითვალა. იმის წინ კი ნატალიამ “როკი მაუნთინის” განადგურებაში (91:22) 16-ქულიანი წილი დაიდო. კასპერ კოლეჯს მიმდინარე სეზონში 13 მატჩიდან 12 გამარჯვება აქვს. 1 მატჩი ოთხმეზურის გუნდმა 19 ნოემბერს დასავლეთ ნებრასკა ქომიუნითი ჯოლეჯთან წააგო – 70:78. იმ მატჩში ნატალიამ 18 ქულა ჩააგდო.

სულ მიმდინარე სეზონში ოთხმეზურს 12 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მონაცემებია: 22.3 წუთი, 14.3 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.8 პასი და 0.8 ჩაჭრა. რაც მთავარია, ნატალია თამაშიდან ესვრის ძალიან შედეგიანად: 53.5 % ორქულიანებს და 49.2 % სამიანებს. საჯარიმოები 60.6 %. 

შემდეგ მატჩს კასპერ თანდერბერდი 7 დეკემბერს, ჟილეტ ჯოლეჯთან ჩაატარებს.