ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა ქალთალიგის ნახევარფინალურ შეხვედრებს უმაპინძლა. დღის პირველ მატჩში ერთმანეთს ,,ოლიმპი”- ,,ახმეტა” დაუპირისპირდნენ, სადაც ოლიმპელებმა იოლად გაიმარჯვეს და ფინალში ასაპარეზობის უფლება მოიპოვეს – 96:51. მასპინძლებმა ახმეტელებს ყველა კომპონენტში აჯობეს და მეტოქე უშანსოდ გაანადგურეს.
მოგებულებს ორმაგი დუბლით 25 ქულითა და 17 მოხნით ხათუნა საჯაიამ ულიდერა, ხოლო ,,ახმეტას” 17 ქულა ნინო მამუკელაშვილმა შესძინა. ორმაგი დუბლი შეასრულა მამუკელაშვილის თანაგუნდელმა ელა ზარავანდაშვილმა, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და 11 მოხსნაა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი იმერული დერბი შედგა, სადაც ფინალური საზურისთვის ,,ზესტაფონისა” და ,,ქუთაისის” გუნდები იბრძოდნენ. გამარჯვება ზესტაფონელებმა მოიპოვეს , რომლებმაც მეტოქე დამაჯერებლად 75:50 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ,,ზესტაფონის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლით სამი კალათბურთელი გამოირჩა. ფატი ხუსკივაძემ 25 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, თიკო ფოცხვერაშვილმა – 10 ქულა და 14 მოხსნა, ხოლო ნათია ფუტკარაძის ანგარიშზე 16 ქულა და 17 მოხსნაა.
რაც შეეხება ,,ქუთაისს”, მის რიგებში ორმაგი დუბლი ნელი ჟორჟოლიანმა შეასრულა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა და ამდენივე მოხსნა მოუტანა.
ქალთა ლიგის ფინალური მატჩი ,,ოლიმპსა” და ,,ზესტაფონს” შორის ხვალ ვაკეში მდებარე საკალათბურთი აკადემიის დარბაზში 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო ქუთაისისა და ახმეტის გუნდები მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს 11:00 საათზე დაუპირისპირდებიან.