ქალთა ლიგის მორიგი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ,,ქუთაისი” და ,,ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ. ,,იმერელთა” დერბიში გამარჯვება ზესტაფონელებმა მოიპოვეს, რომლებმაც დამატებით დროში მეტოქე 2 ქულის სხვაობით 77:75 დაამარცხეს.
ზესტაფონის გუნდმა შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო და პირველ ათწუთეულში სოლიდური სხვაობით 20:8 დაწინაურდა, ხოლო დიდ შესვენებაზე 35:25 გავიდა წინ. საინტერესო გამოდგა მესამე მეოთხედი, სადაც ქუთაისელები ძალიან აქტიურად ათამაშდნენ და საყაიმო ანგარიში – 46:46 დააფიქსირეს. დასკვნითი მეოთხედი ,,ზესტაფონის” უპირატესებოთ დაიწყო. ზესტაფონელები შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:34 წუთით ადრე წინ 60:51 გავიდნენ, თუმცა დარჩენილ დროში ქუთაისის გუნდმა საკმაოდ მობილიზებულად იასპარეზა და მატჩის მიწურულს 44 წამით ადრე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 62:64. ,,ქუთაისის” კალათბურთელების, თაკო მანაგაძისა და ქრისტინე ალანიას ზუსტი საჯარიმო ტყორცნების წყალობით მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს და მატჩი ფრედ – 64:64 დასრულდა. დამატებითი დრო კიდევ უფრი დაძაბული აღმოჩნდა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შეხვედრის დასრულებამდე 23 წამით ადრე 75:72 ,,ზესტაფონი” დაწინაურდა, ,,ქუთაისმა” კი გადამწყვეტ მომენტში ვეღარ შეძლო თამაშზე კონცენტრაცია და შეხვედრა 2 ქულიანი სხვაობით (75:77) დათმო. გამარჯვებულთა რიგებში 22-22 ქულა ნათია ფუტკარაძემ და ნათია აბულაძემ მიითვალეს, ამ უკანასკნელმა კი 10 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა აგრეთვე თიკო ფოცხვერაშვილმა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა და ამდენივე მოხსნაა. რაც შეეხება ქუთაისის გუნდს, მის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ნელი ჟორჟოლიანმა და ქრისტინე ალანიამ გაიფორმეს. ჟორჟოლიანმა 29 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ალანიამ საკუთარ გუნდს 21 ქულა და 13 მოხსნა შესძინა.
ზესტაფონელებმა მორიგი შეხვედრა თბილისში ,,ოლიმპთან” გამართეს, თუმცა ამჯერად მარცხი განიცადეს. ოლიმპის გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა 92:51 და იოლი გამარჯვება მოიპოვა.
ოლიმპელებს ორმაგი დუბლით 29 ქულითა და 10 მოხნით ხათუნა საჯაიმ ულიდერა, ხოლო ზესტაფონის მხრიდან ორმაგი დუბლი თიკო ფოცხვერაშვილისა (19ქ.13მ) და ნათია აბულაძის (13ქ.10მ) ანგარიშზეა.