ამერიკის კოლეჯების ლიგაში (NCAA) „ვინსროპ იგლსმა“ მორიგი შეხვედრა გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა „ჯეკსონ სტეიტ ტაიგერსთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 72:76 წააგო და ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა.
გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილი პარკეტზე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულიდან გამოვიდა და 28 წუთში საკუთარ გუნდს 19 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა აქტიური თამაში აჩვენა: მან 9 ორქულიანიდან 4 გამოიყენა, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 19 მცდელობიდან 11 ზუსტი სროლა შეასრულა. მის აქტივში მხოლოდ 1 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ნაცვლიშვილი მიმდინარე სეზონში სტაბილურად ლიდერობს და კარიერაში საუკეთესო საშუალო მაჩვენებლები აქვს — ის მოედანზე საშუალოდ 23.0 წუთს ატარებს და 12.3 ქულას, 5.8 მოხსნასა და 1.8 პასს იხვეჭს.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „ვინსროპ იგლსი“ Big South-ის კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებს. “არწივები” მორიგ მატჩს 19 ნოემბერს, „ჩატანოგა მოკსის“ წინააღმდეგ გამართავს.