12-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ქუთაისმა ბათუმს 17 ქულით სძლია

12-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ქუთაისმა ბათუმს 17 ქულით სძლია

დღეს სტარტი აიღო სუპერლიგის მე-8 ტურმა. პირველი შეხვედრა ტრადიციისამებრ პარასკევს და რეგიონში გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა და ახლაც იგივე ტიტულის მაძიებელმა “ქუთაისმა” ზესტაფონში “ბათუმს” უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით – 93:76 (სტატისტიკა) დაამარცხა. 

საბოლოო ანგარიში ქუთაისელთა სოლიდურ უპირატესობაზე მიუთითებს, თუმცა თამაში ისე დაიწყო, ასეთ შედეგს ცოტა თუ ელოდა. ბათუმელებმა შედეგიანად დაიწყეს მატჩი და პირველი პერიოდი 12 ქულით – 32:20 მოიგეს. ასეთ დასაწყისს ნომინალური მასპინძლები არ ელოდნენ და 2-წუთიანი შესვენების შემდეგ ძალების მობილიზება დაიწყეს. ქუთაისელებმა თამაშზე კონტროლი დაამყარეს და მეორე პერიოდი ზუსტად იმდენით მოიგეს, რამდენითაც პირველი დათმეს. შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი იყო და ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდა.

მესამე ათწუთეულმა შედარებით თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ქუთაისელები ბოლო პერიოდს 3-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. დასკვნით ათწუთეულში შეუჩერებელი გახდა ქუთაისელთა ამერიკელი კაპიტანი – დეტრეკ ბრაუნინგი, რომელმაც საბოლოოდ 29 ქულა და 7 პასი მიითვალა. ოკეანგაღმელ ლეგიონერთან მხარდამხარ ჩინებულად თამაშობდა ეროვნული ნაკრების კანდიდატი გიორგი სულაბერიძე, რომელმაც 19 ქულასა და 12 მოხსნას 5 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა.

თამაში ისე ჩამთავრდა, ბათუმელებს გამარჯვების შანსი არ მისცემიათ და საბოლოოდ უიმედოდ – 17 ქულის სხვაობით წააგეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა ითამაშეს წინა მატჩში, რუსთავთან ტრავმირებული ჯერემი შოუს გარეშე. ქუთაისმა პირველი ადგილი განიმტკიცა, ბათუმი კი 4 მოგებითა და 3 მარცხით ანალოგიური შედეგი მქონე მარგვეთთან და ორბთან 3-5 ადგილებს იყოფს. 

მე-8 ტურის 3 შეხვედრა 13 დეკემბერს თბილისში, ტყიბულსა და რუსთავში გაიმართება.