13–ქულიანი აღმაფრენა

წერილი მეხუთე – 3 სექტემბერი
იგორ კოკოშკოვის გუნდი მიადგა მთავარ ზღვარს – დარჩა 2 მატჩი, რომელთა მოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპე გადის, ხოლო ერთიც რომ წააგოს, ფაქტობრივად უშანსოდ რჩება. გულშემატკივართა უმეტესობაც ალბათ სწორედ ამ გზით გეგმავდა ჯგუფიდან გასვლას, რადგან რუსეთი და სლოვენია ფავორიტებად იყვნენ შერაცხულნი.
 
არადა, სლოვენიასთან მატჩშიც დავინახეთ ის, რაც წინა დღეს რუსეთთან შეხვედრამ გამოაჩინა – საქართველოს ნაკრებს კონტინენტის ბობოლობეთან თამაში ტოლ–სწორად შეუძლია. რამხელა სიამაყის გრძნობით ვიყავით განმსჭვალულები შეხვედრის პირველ მეოთხედში. ხოლო როცა მეორე ათწუთეულის დასაწყისში შენგელიამ საჯარიმოები მიითვალა, ქართველთა უპირატესობამ 13 ქულას მიაღწია. როგორია, საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდს ასეთი სოლიდური სხვაობით ამარცხებ და ამას მთელი ევროპა უყურებს.
 
ცუდია, რომ ჩვენებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ქართველებმა პერიმეტრის სათანადოდ გაკონტროლება ვერ მოახერხეს და გვიპოვა თუ არა მეტოქემ სუსტი წერტილი, შორი სამიზნე მომართა და შეხვედრაც მისთვის სასურველ კალაპოტში ჩააყენა. სლოვენიამ გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდნენ, საქართველო კი საწყის ათ წუთში ცაში დაფრინავდა – კოკოშკოვის გუნდისგან  სლოვენიასთან ასეთ დამაჯერებელ თამაშს ცოტა თუ ელოდა. ქართველებმა „კლაიპედოს არენაზე” სენსაციის სუნი დაატრიალეს, მაგრამ ამ საქმის დაგვირგვინება ვეღარ მოახერხეს.
 
პრეს–ლოჟაში, ჩემს წინ სლოვენის ნაკრების პრეს–სამსახურის წარმომადგენელი იჯდა და ისედაც ნათელი იერსახის სულ მთლად გათეთრებულიყო. შემდეგ კი, როცა მეორე მეოთხედის შუიდან სლოვენიელებმა თამაში გამოასწორეს, მას ხასიათი დაუბრუნდა და თავისიანთა ჩაგდებულ  თითოეულ ბურთზე ისეთი ემოცია ჰქონდა, გეგონებოდათ, ეგაა და „დრიმ თიმს“ ეთამაშებიანო.
 
მორიგი მეტოქე უკრაინაა, რომელმაც რუსეთთან და სლოვენიასთან მარცხის შემდეგ ბულგარეთს მოუგო. უკრაინელებიც ზუსტან ჩვენსავით არიან: დარჩენილ მატჩებში საქართველოსთან და ბელგიასთან მოგება უნდათ, რომ ჯგუფიდან გავიდნენ. ამიტომ, დღევანდელ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
 
1.         რუსეთი                    3          3/0       217/180          6
2.         სლოვენია                 3          3/0       222/198          6
3.         საქართველო           3          1/2       214/211          4
4.         უკრაინა                    3          1/2       195/197          4
5.         ბულგარეთი             3          1/2       183/199          4
6.         ბელგია                      3          0/3       182/228          3
 
3 სექტემბერი
უკრაინა 67:56 ბულგარეთი
რუსეთი 79:58 ბელგია
4 სექტემბერი
საქართველო – უკრაინა 16:30
ბულგარეთი – რუსეთი  19:00
ბელგია – სლოვენია         21:00