13-წლამდელები: “ჰიუნდაიმ” ფოთში მოიგო

13-წლამდელები: “ჰიუნდაიმ” ფოთში მოიგო

დაიწყო 13-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი. მეოთხედფინალურ წყვილებში სერია არ გამართულა, მეტოქეებმა თითო მატჩი გამართეს, რის შედეგადაც ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
ფოთში საინტერესო ბრძოლა გაიმართა ადგილობრივ გუნდსა და „ქუთაისს“ შორის. დაძაბული მატჩის ბოლოს მასპინძლებმა იძალეს და 7 ქულის სხვაობით – 80:73 გაიმარჯვეს. შედეგად ფოთის „ირაო 2“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ჰიუნდაი 1“ იყო. თავის მხრივ, ჰიუნდაელებმა მეოთხედფინალში რუსთავის გუნდი იოლად – 68:26 დაამარცხეს.
„ფოთსა“ და „ჰიუნდაის“ შორის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი დღეს გაიმართა. ზღვისპირა ქალაქმა საკმაოდ დაძაბულ მატჩს უმასპინძლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ მასპინძლებს 45:40 მოუგო.

“ჰიუნდაის” გუნდი წუთშესვენებაზე
სერიის მომდევნო მატჩი 29 მაისს თბილისში – საკალათბურთი აკადემიის დარბაზში შედგება და თუკი ჰიუნდაელები ისევ იმარჯვებენ, ფინალის საგზურს მოიპოვებენ. არადა, სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 31 მაისს ფოთში შედგება.
მეორე ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩიც დღეს ჩატარდა. „აკადემია 1“, რომელმაც მეოთხედფინალში თსსუ 76:37 დაამარცხა, „კარდინალებს“ სეხვდა. ამ უკანასკნელმა კი ნახევარფინალში გასასვლელად „დინამოს“ მოუგო.
საკალათბურთო აკადემიაში გამართული მატჩი დააბულად წარიმართა. „კარდინალები“ ნიადაგ წინ იყვნენ, „აკადემია“ კი წამოწევას ცდილობდა და ეს ხან გამოსდიოდა, ხანაც 10 ქულაზე მეტით ჩამორჩებოდა ხოლმე.
ბოლო მეოთხედის წინ „კარდინალები“ 11 ქულით იგებდნენ, რაც მათი ლიდერის, ნიკა ყირიმელის დამსახურება გახლდათ. საბოლოოდ ყირიმელმა 44 ქულა ჩააგდო, რაც ამ ასაკში მართლაც გამორჩეული შედეგია. ბოლო მეოთხედში „აკადემიამ“ მოინდომა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის სემცირება მოახერხა და საბოლოოდ 58:63 დამარცხდა.
მეორეს მსგავსად, ამ წყვილშიც 29 მაისს გაიმართება სერიის მეორე შეხვედრა.