დასასრულს უახლოვდება საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგის გათამაშება, რომლის ბრინჯაოს პრიზიორი 13 ივლისს, დიღმის არენაში გამოვლინდა. ერთმანეთს საკალათბურთოს სკოლების – გოასა და კონდორის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება დარჩა გოას, რომელმაც მეტოქე 20 ქულის სხვაობით – 57:37 დაამარცხა.
საბა ჩიხლაძის გაწვრთნილმა გოამ ჯგუფში ერთი მარცხი განიცადა აჭარის ნაკრები 2-თან, რომელიც ფინალში გავიდა. ფინალის გზა გოას ნახევარფინალში “ელვამ” გადაუღობა, რომელმაც მეტოქე 61:51 დაამარცხა. ასე და ამგვარად, ფინალში, ჩემპიონის ტიტულისთვის ელვა და აჭარის ნაკრები 2 იბრძოლებენ. ამ გუნდების ფინალური სერიის პირველი მატჩი 13 ივლისს გაიმართა და აჭარის ნაკრები 2-ის გამარჯვებით – 64:59 დასრულდა. საპასუხო მატჩი დღესაა. აჭარელებმა 5-ქულიანი ჰანდიკაპი თუ შეინარჩუნეს, ჩემპიონები გახდებიან.
მე-3 ადგილისთვის გამართული მატჩის შემდეგ გამარჯვებული გოა დაჯილდოვდა. გუნდის წევრებს ბრინჯაოს მედლები და დიპლომი კალათბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთევან კეკელიამ გადასცა.