გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 15–წლამდელთა ნაკრებმა თურქულ ტარსუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალური მატჩი ადგილობრივ „ბურსასთან“ 54:88 წააგო და პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ახლა ქართველები მესამე ადგილისთვის მატჩს გამართავენ მეორე ნახევარფინალში „ქარშიაქასთან“ დამარცხებულ „თოფაშთან“.
სწორედ „თოფაში“ გავიდა ჩვენების ჯგუფში პირველ ადგილზე. კაზანჯიანის გუნდმა გუშინ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი თოფაშელებთან 61:67 წააგო და ნახევარფინალში მძლავს „ბურსას“ შეეჯახა.
ჩვენი ნაკრების თავკაცი გია კაზანჯიანი, რომელსაც თურქეთში შევეხმიანეთ, ამ წაგებას ფიზიკური სისუსტით და ტრავმების ხსნის….
– ძალიან გადავიღალეთ. თითქოს მატჩის წინ არავის არ ეტყობოდა დაღლა, თუმცა მოედანზე გასვლიდან მალევე ყველას დაღლა დაეტყო. გუშინ 2 მატჩი ჩავატარეთ, იმის წინა დღეს – 1. თუმცა ყველაფერი ამის ბრალი არაა, ჩვენც ვერ ვითამაშეთ საჭირო დონეზე.
– ტრავმირებულმა სანდრო ბოლქვაძემ ვერ ითამაშა?
– ვერა, ის ვერც მესამე ადგილისთვის მატჩში დაგვეხმარება. ამას დაემატა ისიც, რომ „ბურსასთან“ მატჩის პირველ მეოთხედში ფეხი იტკინა ბექა დარახველიძემ და მოედანს ვეღარ დაუბრუნდა. მას ახლა ჩვენი ექიმი ადგას თავს და ცდილობს, ხვალისთვის რომ მწყობრში ჩააყენოს.
– მომდევნო მატჩი როდის გაქვთ და როდის მოემგზავრებით?
– სამწუხაროდ, ხვალ დილით ადრე ვთამაშობთ. „თოფაშთან“ მესამე ადგილისთვის შეხვედრა დილის 9 საათზეა დანიშნული. თბილისში კვირას ჩამოვალთ.