15-წლამდელთა ნაკრებმა ერევანში “არტექსი” გაანადგურა

საქართველოს 15–წლამდელთა ნაკრებმა ერევნის საერთაშორისო ტურნირზე მორიგი მატჩი მოიგო. გია კაზანჯიანის გუნდი „არტექსს“ შეხვდა და 73:17 გაანადგურა.
 
„მეტოქე შედარებით სუსტი იყო და დიდი წინააღმდეგობა ვერ გაგვიწია. აქედან გამომდინარე, ნაკრების ყველა წევრს მივეცი თავის გამოჩენის შანსი და სათამაშო დრო კალათბურთელებზე თანაბრად გადავანაწილე – გვითხრა გია კაზანჯიანმა, ერევანში რომ შევეხმიანეთ – ვინმეს გამორჩევა მიჭირს, ყველამ კარგად ითამაშა და დაკისრებული დავალება შეასრულა. ხვალ ერევნის „დინამოს“ ვეთამაშებით, რომელიც ტურნირში მონაწილე სომხურ გუნდებს შორის ყველაზე ძლიერია. ესაა ფაქტობრივად სომხეთის 16–წლამდელთა ნაკრები და მათთან სპარინგი ჩვენს ბიჭებს ნამდვილად დადებითად წაადგებათ“.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს მეორე ქართული გუნდი – „აკადემია“ ისვენებდა. ირაკლი ტომარაძის გუნდი ხვალ „არტექსს“ შეხვდება.