საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ლიგის ბოლო 2 მონაწილის ვინაობა დარჩა გასარკვევი. მიმდინარე პლეი ოფის ნახევარფინალისტები გაირკვა, რომელთა გამარჯვებულებიც A ლიგის საგზურებს მიიღებენ. ერთმანეთს შემდეგი წყვილები ხვდებიან: აკადემია 1 v აკადემია 2 და სენაკი v თბილისი-ბასკეტი 2.
შეგახსენებთ, რომ წლეულს ასაკობრივი ლიგები ახალი სისტემით ტარდება, რაც 14, 16 და 18 წლმდელთა ჩემპიონატების 3 ლიგად ჩატარებას (თუკი გუნდების რაოდენობა საკმარისი იქნება) გულისხმობს, რომელთაგან A ყველაზე ძლიერი იქნება (და ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენს), B-ს რიგითობით მომდევნო სტატუსი ექნება და C იქნება ყველაზე დაბალი რანგის, რომელში მონაწილეობაც გუნდებს ნებაყოფლობით, საკვალიფიკაციოს გავლის გარეშე შეეძლებათ.
16-წლამდელთა ჩემპიონატში დარეგისტრირებული გუნდების რაოდენობა 47 შეადგენს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკეთდეს სამივე – A, B და C ლიგები. შესაბამისად, მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირის მიზანი გუნდების სრულად კლასიფიკაციაა, რათა მოწინავეებმა A ლიგა შეავსონ, დაწესებული რაოდენობის მომდევნო გუნდებმა B ლიგაში იასპარეზონ, ხოლო B-ს მიღმა დარჩენილებმა C ლიგაში დაიდონ ბინა.
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში (ისევე როგორც სხვა ასაკებში) 14 გუნდია, საიდანაც 4 ადგილი კვოტირებით რეგიონის გუნდებს – ქუთაისს, რუსთავს, თელავს და ფოთს ერგოთ. გათამაშების ფორმატის თანახმად, A ლიგის საგზური პირდაპირ მიიღო 12 ჯგუფის საუკეთესო 8 პირველადგილოსანმა. დარჩენილ 2 საგზურს ზემოთნახსენებ ნახევარფინალურ სერიებში (აკადემია 1 v აკადემია 2 და სენაკი v თბილისი-ბასკეტი 2) გამარჯვებული გუნდები მიიღებენ.
სერიები 2-მატჩიანია და გამარჯვებული ის გუნდი იქნება, რომელიც 2 შეხვედრის ჯამში მეტ ქულას მოაგროვებს.