18-წლამდელთა B ლიგაში ხვალ ჩემპიონი და მე-3 ადგილის მფლობელი გამოვლინდება. ფინალური სერიის მე-2 მატჩში “ჰიუნდაი 2” “რუსთავი 2”-ს შეხვდება და ჩემპიონობის მოსაპოვებლად 13-ქულიანი მარცხიც აწყობს. ასეთია ორმატჩიანი სერიის თავისებურება: პირველ შეხვედრას რა სხვაობითაც მოიგებ, მეორეში იმაზე მეტით თუ არ წააგე, სერია შენია. თუ ზუსტად იმავე სხვაობით დათმე, რამდენიც მოგებული გაქვს, დამატებითი 5-წუთეული დაინიშნება, სანამ საბოლოოდ გამარჯვებული არ გამოვლინდება.
ფინალური სერიის პირველი შეხვედრა ჰიუნდაი 2-მა 82:68 სძლია რუსთავი 2-ს და საჩემპიონოდ კარგი ნიადაგი შეიქმნა. შედარებით დაძაბულობაა მე-3 ადგილისთვის სერიაში, რომლის პირველ მატჩში აკადემიამ ზაზა ფაჩულიას აკადემიის მე-2 გუნდი 66:61 დაამარცხა. როგორც ხედავთ, აკადემიის გარდა, ყველა მონაწილე მე-2 გუნდითაა წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიუნდაი, ზფა და რუსთავი A ლიგაში ვერ ავლენ. ეს შეზღუდვა განსაზღვრულია დებულებით, რომლის მიხედვითაც ერთ სკოლას უმაღლეს, A ლიგაში მხოლოდ 1 წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. ამიტომაც, A ლიგის საგზური განაღდებული აქვს აკადემიას, რომელსაც უმაღლესში გუნდი არ ჰყავს და B ლიგის ასეთ გუნდებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა (ოთხეულში მოხვდა).
ამასობაში, პლეი ოფი დაიწყო B ლიგის 16-წლამდელთა ჩემპიონატში. მოგეხსენებათ, 24 მონაწილე 6 ჯგუფში იყო განაწილებული და 2 წრის თავზე საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფში (მეოთხედფინალში) გავიდა. გათამაშების ფორმატის თანახმად, მეოთხედფინალში ჯგუფების გამარჯვებული 6 გუნდი და პლუს 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავიდა.
პლეი ოფის პირველ წრეში (მეოთხედფინალში) გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ (იხილეთ პოსტერი)
მართვე 2 – თსუ, ჰიუნდაი 2 – ფოთი, თბილისი ბასკეტი 2 – სპორტუნი, პსენაკი – ზფა2
სერიის პირველი მატჩები ოთხივე წყვილში გაიმართა. ყველაზე იოლად სპორტუნიმ მოიგო, რომელმაც თბილისი ბასკეტი-2 80:54 გაანადგურა და ფაქტობრივად მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. საპასუხო მატჩში სპორტუნიმ 26 ქულაზე მეტით არ უნდა წააგოს, შემდეგ ეტაპზე რომ გავიდეს. საკმაოდ დაძაბულობაა დანარჩენ 3 წყვილში – თსუ-მ 3 ქულით (69:66) სძლია მართვე 2-ს, ხოლო დღეს, თბილისი არენაზე გამართულ 2 მატჩში დიდი ბრძოლები გაჩაღდა. სენაკმა ბოლო წამებზე, 2 ქულით (85:83) სძლია ზფა2-ს, ხოლო ფოთმა ჰიუნდაი 2-ს 90:84 სძლია.
მატჩს დაესწრო და ფოთლებს უქომაგა ამ ქალაქში დაბადებულმა და გაზრდილმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, კახა ჯინჭარაძემ.
მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩები 6 და 7 ივნისს გაიმართება და ნახევარფინალში გამსვლელთა ვინაობაც გაირკვევა.