გია კაზანჯიანის გაწვრთნილ 16-წლამდელთა ნაკრებს გასულ ზაფხულს სულ ცოტა დააკლდა, B დივიზიონიდან ელიტაში რომ გადასულიყო. საქართველოს კადეტებმა ესტონეთში გამრთულ ევროპის ჩემპიონატზე 8-დან 7 მატჩი მოიგეს, მაგრამ ფინალში გასვლა მაინც ვერ მოახერხეს და B დივიზიონში დარჩნენ. ასაკის გამო ის შემადგენლობა კაზანჯიანს ხელიდან გამოეცალა და ახლა ქვედა ასაკიდან ამოსულ ახალგაზრდებს წვრთნის. ზოგადად, 16-წლამდელები სხვა ასაკობრივ ნაკრებებთან შედარებით მეტად არიან შეთამაშებული, რაც კალათბურთის ფედერაციის პროექტის შედეგია: 16-წლამდელთა ნაკრები, როგორც რიგითი გუნდი, საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში გამოდის და სეზონის განმავლობაში რამდენიმე ათეულ მატჩს მართავს. პლუს ამას, კაზანჯიანის ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებსაც თამაშობს. 28 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) ითამაშებს. ჩევნი მეტოქეები იქნებიან: მაკედონია, ინგლისი, რუმინეთი, ბელარუსი და ლუქსემბურგი.
– 16-წლამდელთა ნაკრები სეზონის დასაწყისიდან შეკრებილია. საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში უკვე 10 შეხვედრა გავმართეთ, საიდანაც 6 მოვიგეთ და 4 წავაგეთ – გვესაუბრება გია კაზანჯიანი.- ამ 10 შეხვედრაში რამდენი მოთამაშე გამოსცადეთ?- ვარჯიშებზე, “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე სისტემატიურად 20-25 კანდიდატი დადის. ამათგან ყველას უთამაშია 18-წლამდელთა ჩემპიონატში. ყველა მათგანს ვაძლევ შანსს.- ამ 25 კანდიდატიდან შეირჩევა საბოლოოდ ნაკრები?- არა, ესენი მხოლოდ თბილისში და რუსთავში მცხოვრები მოზარდები არიან. არის კიდევ რამდენიმე კანდიდატი ქუთაისსა და ბათუმიდნ, რომლებიც ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ ვარჯიშებზე ჩამოსვლას. – მათ როდის გამოცდით?- მაისში დასრულდება საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი და ივნისის შუა რიცხვებიდან გენერალურ შეკრებას დავიწყებთ. ამ 25 მოთამაშიდან რამდენიმე გაიცხრილება, მათ დაემატებიან კანდიდატები ბათუმსა და ქუთაისიდან და შეკრებასაც დავიწყებთ.- რას იტყვით გუნდის ახლანდელ კონდიციებზე?- საქართველოს ჩემპიონატში 2 წლით უფროს ასაკში თამაშობენ და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს ყველაფერს. – თქვენი გაწვრთნილი 16-წლამდელთა ნაკრები შარშან საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდა…- შარშან სულ სხვა შემადგენლობა გვყავდა. შედარებით დაბალანსებული იყო ყველა პოზიცია და ახალგაზრდებიც უფრო მეტად პერსპექტიულები იყვნენ. შედეგიც გამოჩნდა, ევროპის ჩემპიონატზე 8 თამაშიდან 7 მოვიგეთ. – მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ამ ნაკრებს რა შანსები აქვს?- რომ ვთქვა, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, არ იქნება მართალი. მეტოქეები საშუალო ძალისანი არიან, საიდანაც მასპინძელ მაკედონიას, ინგლისს და ბელარუსს გამოვარჩევდი.- ჯგუფიდან გასვლა რამდენად რეალურია?- ჩვენ მაქსიმუმის მისაღწევად ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ, რის შემდეგაც მომავალ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.
– თქვენმა ნაკრებმა მარტის დასაწყისში თურქეთში გამრთულ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, სადაც 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. ამან უარყოფითად ხომ არ იმოქმედა?- რა თქმა უნდა, არ იყო კრგი დიდი სხვაობით წაგებები, თუმცა ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: თურქულ ტურნირზე შედეგის მისაღწევად არ წავსულვართ. იქ უმაღლესი დონის ნაკრებები თამაშობდნენ და მათთან გაჯიბრებაზე უარის თქმა არამიზანშეწონილად მივიჩნიეთ. ახალგაზრდებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს, წაგებების შემდეგ ტურნირი მოგებით დაასრულეს და საქართველოში დაბრუნებულები უფრო დამაჯერებლად გამოიყურებიან. ეროვნულ ჩემპიონატში 16-წლამდელთა ნაკრებმა თამაში საგრძნობლად გააუმჯობესა. ბიჭებს მოგების ჟინი გაუორმაგდათ. თურქეთის შემდეგ მოედანზე ბოლომდე იბრძვიან და ცდილობენ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ.- კიდევ თუ იგეგმება საერთაშორისო სპარინგ-მატჩები?- ევროპის ჩემპიონატამდე აუცილებლად გავმართავთ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას. ახლა კალათბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე მუშაობენ. ან ჩვენ გავემგზავრებით რომელიმე ქვეყანაში, ანაც ისინი ჩამოვლენ საქართველოში ამხანაგური მატჩების გასამართად.- ჩვენი ნაკრების მთავარი პრობლემა რა არის?- ტანმაღალი მოთამაშეების ნაკლებობას განვიცდით. წინა თაობის ნაკრებში ყველა პოზიცია დაბალანსებული იყო. ახლა კი მთელს 16-წლამდელთა ჩემპიონატში ერთადერთი ორმეტრიანი კალათბურთელი თამაშობს და ისიც ნაკრებში გვყავს. ვეცდებით, რა რესურსიც გვაქვს, იქიდან მაქსიმუმ შედეგს მივაღწიოთ.