16–წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთში მასპინძლებთან ერთად კიდევ 2 გუნდს დაუპირისპირდება

16–წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთში მასპინძლებთან ერთად კიდევ 2 გუნდს დაუპირისპირდება

საქართელოს 16–წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთშია. გია კაზანჯიანის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, სლოვაკეთში 3 სპარინგ–მატჩს გამართავს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ქართველები სამივე შეხვედრაში მასპინძელთა 16–წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებოდნენ, თუმცა სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ მეტოქეები შეიცვალა. ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს სლოვაკეთის ქალაქ კეჟმაროკში შევეხმიანეთ.
 

 
– სლოვაკეთში გუშინ ჩამოვედით და დედაქალაქ ბრატისლავიდან პატარა, მყუდრო ქალაქ კეჟმაროკში გადავინაცვლეთ. აქ საკმაოდ მშვიდი გარემოა და კარგი სავარჯიშო პირობებიც გვაქვს.
 
– უკვე ივარჯიშეთ?
 
– დიახ, ვარჯიში ახლა დავამთავრეთ. დღეს საღამოს კი პირველ მატჩს გავმართავთ. ჩვენი მეტოქე სლოვაკეთის ერთ–ერთი 18–წლამდელთა კლუბი იქნება.
 
– წინასწარი ინფორმაციოით სლოვაკეთის ნაკრებთან გქონდათ სამივე მატჩი დაგეგმილი…
 
– დაგეგმილი მასე იყო, თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ განრიგი შეიცვალა, რაც ჩვენთვის საკმაოდ კარგია. სამივე მატჩის ერთი გუნდის წინააღმდეგ თამაშს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მეტოქეებთან გაჯიბრება სჯობს. დღეს 2 წლით უფროსების გუნდს ვეთამაშებით, ხვალ სლოვაკეთის 16–წლამდელთა ნაკრებს დავუპირისპირდებით, ხოლო ზეგ ჩვენი მეტოქე უნგრეთის 16–წლამდელთა ნაკრები იქნება. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია საიმისოდ, რომ ჩვენმა გუნდმა სათამაშო გამოცდილება მიიღოს.
 
– გუნდში როგორი ვითარებაა?
 
– არის მიკრო ტრავმები, თუმცა სერიოზული არაფერია. დღეს აქაური დროით 7–ის ნახევარზე პირველ მატჩს გავმართავთ.