16–წლამდელთა ნაკრები სპარინგ მატჩებს ესტონეთსა და ფინათში ჩაატარებს

16–წლამდელთა ნაკრები სპარინგ მატჩებს ესტონეთსა და ფინათში ჩაატარებს

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა შეკრება გუშინ, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაიწყო. კადეტთა ნაკრებს 28 ივლისიდან 7 აგვისტომდე მაკედონიის ქალაქ შტრუმიცაში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მოუწევს თამაში. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან: მაკედონიის, ინგლისის, ლუქსემბურგისა და რუმინეთის ნაკრებები.
 

 
გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით ნაკრების 19 კანდიდატი ვარჯიშობს. კადეტები 10 ივლისს ესტონურ–ფინურ შეკრებაზე მიემგზავრებიან. ტალინში კაზანჯიანის გუნდი ესტონეთთან 2 საკონტროლო მატჩს გამართავს, ხოლო შემდეგ ჰელსინკიში გადავა, სადაც ფინელ თანატოლებს ასევე ორჯერ გაეჯიბრება. 16–წლამდელთა ნაკრები დღესდღეობით ამ შემადგენლობით ემზადება:
 
უკანა ხაზი: გიორგი დვალი (რუსთავი 1), ზეზვა ლილუაშვილი (აკადემია), ნუგზარ აბულაძე (ენერჯი–ინვესტი), ლევან გორდულაძე (ზაზა), გიორგი გუგეშაშვილი
ფორვარდები: ნიკა ამირხანაშვილი (აკადემია), საბა ჯაყელი (აკადემია), თორნიკე ქიტოშვილი (რუსთავი 1), ედუარდ ლომთაძე (ავერსი), ბექა დარახველიძე (აკადემია), სანდრო ბოლქვაძე (ჰიუნდაი), კახა ტომარაძე (ჰიუნდაი), ნიკა ცქიტიშვილი (აკადემია), ლევან ანთაძე (სსაუ), ბექა წილოსანი (სსაუ), სოსო მაჭავარიანი, უჩა გამრეკლიძე
ცენტრები: აჩიკო პულუზაშვილი (ზაზა), ბადრი ჭიხვარია (სსაუ)
 
ვესაუბრებით 16–წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს
 
– როდის დაიწყეთ შეკრება?
– შეკრება 6 ივლისს დავიწყეთ, ისე კი 16–წლამდელთა ნაკრები გასული სეზონის დასაწყისში შეიკრიბა. მოგეხსენებათ, კადეტთა ნაკრები 18–წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობდა. სეზონის მანძილზე მრავალი კანდიდატი გამოიცადა. რაც შეეხება გაფართოვებულ შეკრებას, იგი 6 ივლისს დავიწყეთ, რადგან 16–წლამდელთა ჩემპიონატის დასრულებას ველოდებოდით.
– ევროპის ჩემპიონატამდე შეკრებას ესტონეთსა და ფინეთში გაივლით…
– ეს იქნება ძალიან საჭირო და დროული შეკრება. ამ თამაშებში ბევრი რამე გამოჩნდება. გუნდის წევრები შეთამაშდებიან, კარგად დავინახავ თითოეულის პლუს–მინუსებს. საქმეში გამოვცდით იმ კომბინაციებს, რომლებსაც შეკრებაზე ვამუშავებდით.
– ესტონეთში რამდენ კანდიდატს იახლებთ?
– უცხოურ შეკრებაზე 14 კალათბურთელს წავიყვანთ. შემადგენლობას გამგავრებამდე 1 დღით ადრე დავასახელებ.