დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში გაირკვა 18-წლამდელთა ჩემპიონატის (A ლიგა) მეოთხე ნახევარფინალისტი. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა ვინგსმა დამაჯერებელი სხვაობით – 91:62 (სტატისტიკა) დაამარცხა ზაზა ფაჩულიას აკადემია (ZPA) და სერიაში 2:1 გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა. ვინგსი შეუწყვილდა ქუთაისს, ხოლო მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რუსთავი და თბილისი ბასკეტი შეხვდებიან.
ვინგსმა რეგულარული ჩემპიონატი 12-დან 12 მოგებით დაასრულა და სეზონის პირველი მატჩი ZPA-თან, მეოთხედფინალურ სერიაში წააგო. ამ გამარჯვებით ზაზას აკადემიელებმა სერია გაათანაბრეს და გაუჩნდათ ამბიცია, ფავორიტად მიჩნეული მეტოქე გზიდან ჩამოეცილებინათ. სერიის გადამწყვეტი მატჩი ვინგსის უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ ზაზას აკადემიის წევრებმა მოახერხეს თამაშის და არა ანგარიშის გათანაბრება. მეორე პერიოდის შუაწელში ZPA-მ ჩამორჩენა 2 ქულამდეც შეამცირა, თუმცა ირაკლი ახალიას და გიორგი ნიკოლაევის შედეგიანობით ვინგსმა დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 11 ქულამდე გაზარდა.
მესამე პერიოდში ვინგსის კალათბურთელებმა გააგრძელეს შედეგიანი თამაში და დროის გასვლასთან ერთად ლიდერობას ზრდიდნენ. მესამე პერიოდის მიწურულს ბურჯანაძის გუნდი უკვე 20 ქულას იგებდა. გიორგი ჩაჩხიანმა წუთშესვენებაც აიღო, ზაზას აკადემიელებს საჭირო რჩევა-დარიგებებსაც აძლევდა, თუმცა თამაშის იშტაზე მოსული ვინგსის წევრების შეჩერება შეუძლებელი გახდა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ZPA-ს წარმატების მცირეოდენი შანსი არ მისცემია.
გამარჯვებულებს ახალაიამ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. გიორგი ნიკოლაევის ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა. 12 ქულა ანდრია მდინარაძემ მიითვალა. ზაზას აკადემიაში 15 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო შედეგი ჰქონდა საბა ნარიმანიძეს. 12-12 ქულა შიო შიოშვილმა და სოსო გუგუციძემ მოაგროვეს.
4 მაისს რუსთავისა და თბილისი ბასკეტის ნახევარფინალური სერია დაიწყება, ხოლო ვინგსი და ქუთაისი სერიას 6 მაისს დაიწყებენ