18 წლამდე გოგონათა ჩემპიონატში საინტერესო მატჩები გაიმართა

18 წლამდე გოგონათა ჩემპიონატში საინტერესო მატჩები გაიმართა

კაცთა და ვაჟთა ტურნირებთან ერთად საქართველოში გოგონათა საკალათბურთო ტურნირებიც მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ სტარტი აიღო 16-წლამდე გოგონათა საქართველოს ჩემპიონატმა, ამ დღეებში კი 18-წლამდელებიც დაიწყო. 26 დეკემბერს ოლიმპიურ სასახლეში 18 წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა, რომლებიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

18 წლამდე გოგონათა ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი.გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც ჯგუფების საუკეთესო 2-2 გუნდი ნახევარფინალში გადაინაცვლებს. მთლიანობაში ჩატარდა 8 მატჩი: 4 A ჯგუფში და 4-იც B ჯგუფში. 2 მოგებით A ჯგუფს ბასტიონი ლიდერობს, ხოლო B ჯგუფში ანალოგიური შედეგი აქვს 16-წლამდელთა ნაკრებს.

ხუთშაბათს გამართული მატჩებიდან ყველაზე საინტერესო იყო აჭარის ნაკრებისა და ბასტიონი 2-ის შეხვედრა. აჭარლები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე ბასტიონელებმა დაწინაურება მოახერხეს. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე ბასტიონი ქულით გალიდერდა. შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე ლანა ლანა ბაქრაძემ სამქულიანი ჩააგდო და აჭარის ნაკრებს 46:44 მოაგებინა. 

ასევე საინტერესო გამოდგა ბასტიონის ძირითადი, პირველი გუნდისა და “ორბის” დაპირისპირება. ორივე გუნდში 18-წლამდელთა ნაკრების გოგონები თამაშობდნენ. გამარჯვება ბასტიონელებს დარჩათ, რომლებსაც ნიცა საბადაშვილმა ულიდერა – 20 ქულა, 13 მოხსნა, 5 ჩაჭრა. ორბის შემადგენლობაში 21 ქულით სალომე სვანი გამოირჩა.

თამაშების შედეგებისა და სტატისტიკის ნახვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში