მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა 18-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი შეხვედრა წააგო. ჩვენებმა შეხვედრა 4 ქულის სხვაობით, დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიასთან დათმეს.
მას შემდეგ, რაც საქართველო პირველი ჯგუფური ეტაპიდან მომდევნოზე ვერ გავიდა, საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაინაცვლა და ბრძოლას IX-XVIII ადგილებისთვის აგრძელებს. სამწუხაროდ, ბერუაშვილის გუნდმა აღნიშნულ ეტაპზე ორივე შეხვედრა წააგო და ხვალ, 29 ივლისს ჯგუფის ლიდერ ბელგიას ხვდება.
რაც შეეხება პორტუგალიასთან მატჩს, ჩვენებმა საწყისი 2 პერიოდი ერთნაირი ანგარიშით, 16:14 მოიგეს და შესაბამისად დიდ შესვენებაზე ოთხქულიანი ჰანდიკაპით, 32:28 გავიდნენ. მესამე-მეოთხე ტაიმებშიც თამაში თანაბრად მიდიოდა, ოღონდ ბედი უფრო მეტად პირენელებს სწყალობდათ და მათ მიმდინარე ტურნირზე მეოთხე მარცხი განაცდევინეს საქართველოს ნაკრებს 61:57. ჩვენ მოთამაშეთაგან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ცირეკიძე გახლდათ (მის ანგარიშზე 7 მოხსნაცაა), ბექა ბურჯანაძემ კი 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
სამწუხაროდ, საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ და სატურნირო ვითარება გაიუარესეს. ხვალ ბერუაშვილის გუნდი ბოლო მატჩს გამართავს ჯგუფში, რის შემდეგაც გადაწყდება, თუ რომელი ადგილისთვის მატჩს ითამაშებს. რაც უფრო მაღლა დაასრულებს ჯგუფს, მით უკეთესი ადგილისთვის მოუწევს თამაში, ბელგიასთან მატჩი თბილისის დროით 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ვარნა. ბულგარეთი. 28 ივლისი
პორტუგალია 61:57 საქართველო
14-16 14-16 17-12 16-13
1. პორტუგალია 4 3/1 264/247 7
2. ბელგია 3 3/0 190/162 6
3. საქართველო 3 1/2 221/220 4
4. ინგლისი 3 1/2 183/201 4
5. ლუქსემბურგი 3 0/3 212/240 3