18-წლამდელთა A ლიგაში პირველი ფინალისტი გამოვლინდა – თბილისი ბასკეტი

18-წლამდელთა A ლიგაში პირველი ფინალისტი გამოვლინდა – თბილისი ბასკეტი

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა თბილისი ბასკეტმა მეორე მატჩიც მოუგო რუსთაველ თანატოლებს და სატიტულო სერიაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი A ლიგის გათამაშებაში ვლინდება, სადაც საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად თავმოყრილია ქვეყნის წამყვანი საკალათბურთო კლუბები.

თბილისი ბასკეტმა წინა დღეს რუსთავში დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა და მომდევნო მატჩს, მეორე დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა. ანატოლი ბოისას გუნდის ამოცანა მარტივი იყო: ნებისმიერ გამარჯვებას ფინალის საგზური მოჰქონდა. თბილისი ბასკეტის მოთამაშეებმა ჩვეული მანერით ითამაშეს – სწრაფი, კონტრშეტევებზე მომართული უკანახაზელები და ფარქვეშ დაზღვევაზე მყოფი ტანმაღალი მოთამაშეები. თუ უკანახაზელებს არ მისდიოდათ სროლები, სამწამიან ზონაში აცილებული ბურთების მოსახსნელად უმეტესად წარმატებით იბრძოდნენ თბილისელთა მეფარეები.

რუსთავიც კონტრშეტევებზე და უმეტესად, შორი სროლების განხორციელებაზე იყო მომართული, თუმცა მიზანში გარტყმის პროცენტულობით ვერ დაიკვეხნიდნენ. ყველაფერმა ამან ლოგიკური შედეგი მოიტანა. თბილისი ბასკეტმა 23:24 წაგებული მესამე პერიოდის გარდა ყველა ათწუთეული დამაჯერებლად მოუგო რუსთავს და საბოლოოდ 18-ქულიანი უპირატესობით – 90:72 (სტატისტიკა) იმარჯვა.

თბილისი ბასკეტში ანდრია მგელაძე გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა და 5 პასი ბექა მაჭავარიანის ანგარიშზეა, ნიკოლოზ ბერძენიშვილი გამარჯვებულებს 15 ქულით შეეხიდა. რუსთაველთაგან 28 ქულით ვაჟა კეჭაღმაძეს გამოირჩა. დავით გოგოლაძემ შეხვედრა 19 ქულითა და 10 პასით დაასრულა. 

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ქუთაისი და ვინგსი ხვდებიან. სერია, რომელიც 2 გამარჯვებამდეა, დღეს, ქუთაისში დაიწყება.