საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის უმაღლეს – A ლიგაში ნახევარფინალური სერია დაიწყო რუსთავსა და “თბილისი ბასკეტს” შორის. მეორე წყვილში ვინგსი და ქუთაისი თამაშობენ, რომლებიც სერიის პირველ მატჩს 6 მაისს ითამაშებენ.
რუსთავმა თბილისი ბასკეტს უმასპინძლა და 69:73 (სტატისტიკა) დამარცხდა. გუნდებმა 2 განსხვავებული ნახევარი ითამაშეს. პირველში სტუმრები ჯაბნიდნენ მასპინძლებს და ერთი ხანობა თბილისი ბასკეტი 26 ქულითაც იგებდა. დიდი შესვენებისთვის ანგარიში 46:25 იყო სტუმართა სასარგებლოდ.
მეორე ნახევარში რუსთაველებმა თამაში გამოაკეთეს, ჩამორჩენას ნელ-ნელა ამცირებდნენ და ბოლო პერიოდში მეტოქეს 5-6 ქულით მიუახლოვდნენ. გადამწყვეტ მომენტში გარდატეხა ვეღარ მოხდა. თბილისი ბასკეტმა საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. სერიის მეორე მატჩსაც თუ მოიგებს, თბილისი ბასკეტი ფინალში გავა, არადა, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება.
თბილისი ბასკეტს 20 ქულით ანდრია მგელაძემ ულიდერა. 9 ქულა და 16 მოხსნა ნიკოლოზ ბერძენიშვილმა მიითვალა. გიორგი დარჩიას ანგარიშზე 13 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. რუსთავის რიგებში 17-17 ქულით დავით გოგოლაძე და ვაჟა კეჭაღმაძე გამოირჩნენ. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 16 მოხსნაც დაგროვდა.
სერიის მეორე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 5 მაისს, 19:40 საათზე გაიმართება.