საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები ცნობილია. ტურნირში, რომელშიც 25 გუნდი მონაწილეობდა, მთავარი მიზანი 8 საუკეთესოს გარკვევა იყო, რომლებიც 18-წლამდელთა ჩემპიონატის A დივიზიონის საგზურებს მოიპოვებდნენ. შესაბამისად, საგზურის მფლობელი 8 გუნდი გამოვლინდა, რომლებსაც კვოტირებით რეგიონების გუნდები დაემატებიან და აღნიშნული ასაკის A დივიზიონში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ 16-მა გუნდმა 8 საგზურისთვის ბრძოლა პლეი ოფში განაგრძო. ჩატარდა ერთი, 2-მატჩიანი რაუნდი, რომლის გამარჯვებულებმაც A დივიზიონის საგზურები მოიპოვეს. ყველა წყვილში ერთ-ერთი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო და ამ გუნდებმა სერიის ორივე მატჩი მოიგეს. მხოლოდ ერთ წყვილში შედგა დიდი ბრძოლა და სერია ერთობ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. საუბარია “ჰიუნდაი 2”-ისა და “ბრუკლინის” დაპირისპირებაზე. ჰიუნდაელებმა პირველი მატჩი 12 ქულით – 72:60 მოიგეს, თუმცა მეორეში 13 ქულით – 59:72, წააგეს და A დივიზიონის მიღმა დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ “ჰიუნდაი 1”-მა თავისი სერია “თბილისი ბასკეტთან” დათმო.
წარმოგიდგენთ იმ 8 გუნდს, რომლებმაც საკვალიფიკაციოს შედეგად A დივიზიონის საგზურები მოიპოვეს:
ოვერტაიმი 1, მაკაბი, ორბი, დინამო, ვინგსი 1, ზაზა 1, თბილისი ბასკეტი 1, ბრუკლინი
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონიდან ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი (20-წლამდელების გარდა) სრულიად ახალი ფორმატით ჩატარდება და მას ერთი ორგანიზატორი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეყოლება.
14, 16 და 18 წლამდელთა გათამაშება დაყოფილი იქნება A, B და C დივიზიონებად. A დივიზიონი იქნება უმაღლესი ლიგა, სადაც 14 საუკეთესო გუნდი მოიყრის თავს და თითოეულ სკოლას მასში ერთ გუნდზე მეტის გამოყვანა არ შეეძლება. სადებიუტო სეზონში, ანუ მიმდინარე სეზონში, A ლიგაში კვოტირებით მოხვდებიან რეგიონის გუნდები, დანარჩენი ადგილები კი საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება. ის გუნდები, რომლებიც A ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, B ლიგაში იასპარეზებენ. ხოლო თუკი გუნდების რაოდენობა დიდი იქნება, B ლიგის საგზურებიც საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება და B-ში ვერ მოხვედრილი გუნდები C დივიზიონში ითამაშებენ.
მომავალი წლიდან A დივიზიონში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი აღარ ჩატარდება. მასში ასპარეზობის უფლებას გუნდები B დივიზიონში წარმატებული თამაშით მოიპოვებენ.