18-წლამდელთა ჩემპიონატში ჰიუნდაიმ და ზაზა 1-მა ნახევარფინალი შეავსეს

18-წლამდელთა ჩემპიონატში ჰიუნდაიმ და ზაზა 1-მა ნახევარფინალი შეავსეს

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალები დაკომპლექტდა. ნახევარფინალში 1 კვირის წინ გასულ “აკადემიას” და “ზაზა 2”-ს შაბათს “ჰიუნდაი” და “ზაზა 1” შეუერთდნენ. ჰიუნდაელებმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში “ზაზა 3” 89:74 (სტატისტიკა) დაამარცხეს, ხოლო “ზაზა 1”-მა “მართვეს” 83:65  (სტატისტიკა)აჯობა.

ჰიუნდაელებს სოლიდური დანამატი ჰყავთ ცოტნე ცარციძისა და ბიძინა ფეიქრიშვილის სახით, რომლებმაც სეზონი საზღვარგარეთ გაატარეს და სეზონის დასრულების შემდეგ მშობლიურ გუნდს დაუბრნდნენ. ცარციძე შეუჩერებელი იყო ფარქვეშ და ზოგადად, ცოტნე ყველა რგოლში დიდებულად ირჯებოდა. მის ანგარიშზე 39 ქულა, 14 მოხსნა და 2 დაფარება დაგორვდა. ფეიქრიშვილმა 12 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო გიორგი ჯაფარიძემ და ზაურ ჯანელიძემ გამარჯვებულებს 17-17 ქულა მიაშველეს. აკაკი ფიფიამ 12 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

გამოსარჩევია “ზაზა 3”-ის უკანახაზელის, დაჩი ქავთარაძის გარჯა, რომელმაც 36 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. მის შემდეგ ზაზას გუნდში საუკეთესო 10 ქულითა და 7 მოხსნით ილია ხუციშვილი გახლდათ. რაც ვერ გააკეთა “ზაზა 3”-მა, კარგად შეასრულა “ზაზა 1”-მა, რომელმაც “მართვე” მეორე ნახევარში გატეხა და საბოლოოდ 18 ქულით აჯობა.

ზაზას აკადემიის წევრებმა გუნდურად ითამაშეს. ყველაზე მეტი – 15 ქულა ნიკა მეცხვარიშვილმა მოაგროვა. ყველაზე სარგებლიანი კი 10 ქულა – 16 მოხსნით ივანე მეგენეიშვილი გახლდათ.  მართველთაგან 18-18 ქულით გიორგი გახოკიძე და დავით წიკლაური გამოირჩნენ. 

ნახევარფინალურ სერიაში გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. პირველი მატჩები ოლიმპიურ სასახლეში 17 ივნისს, ხოლო მეორე – 19-ში გაიმართება.