18–წლამდელთა ნაკრები ისრაელში სასპარინგოდ გაემგზავრა

დღეს საქართველოს ჭაბუკთა (18–წლამდელთა) ნაკრები ისრაელში გაფრინდა, სადაც იქაურ ნაკრებთან სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მიხეილ კობეშავიძის გუნდი ებრაელ თანატოლებს 29–30 ივნისს, ასევე 1 ივლისს ეთამაშება და საქართველოში 2 ივლისს გამობრუნდება.
ქართველი 18–წლამდელები ემზადებიან ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, რომელიც 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. ისრაელის 18–წლამდელთა ნაკრები კი A დივიზიონის ბინადარია და მასთან სპარინგი კობეშავიძის გუნდს გამოცდილების მიღებაში გვარიანად დაეხმარება.
ჩვენი ნაკრები ისრაელში 14 კალათბურთელით გაემგზავრა. აი, ისინიც:
 
უკანა ხაზი: გივი ბაქრაძე (დინამო), გიორგი ტეტელაშვილი (მართვე 1), ტარიელ თავართქილაძე (აკადემია), ბექა ჩიკვილაძე (პეიშეგალეო, ესპანეთი). მერაბ ბოქოლიშვილი (აკადემია).
ფორვარდები: დავით იოსელიანი (მაკაბი), აკაკი ლომოური  (მართვე 2), ნოდარ თენიეშვილი (აკადემია), დუდა სანაძე (ენერჯი), ბექა ჭიჭვეიშვილი (მართვე 2).
ცენტრები: ლევან სულაბერიძე (მართვე 2), ბექა ბექაური (სამედიცინო), გოგა ჯავახიშვილი (აკადემია), აკაკი დვალიშვილი (ენერჯი–ინვესტი).
 
დღეს დილას, გამგზავრებამდე, მიხეილ კობეშავიძემ ღია ვარჯიში ჩაატარა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, რომელსაც პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, ისრაელთან მატჩები იმ კომბინაციების დახვეწაში დაეხმარებათ, რომლებზეც აქამდე ვარჯიშობდნენ.