18-წლამდელთა ნაკრები: უკრაინულ შეკრებაზე 14 ჭაბუკი მიემგზავრება

18-წლამდელთა ნაკრები: უკრაინულ შეკრებაზე 14 ჭაბუკი მიემგზავრება

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება (B დივიზიონი), უკრაინაში სპარინგ–მატჩების გასამართად მიემგზავრება. ჭაბუკთა ნაკრები ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ემზადება მწვრთნელების – მიხეილ ბერუაშვილისა და ზაზა გაბისონიას ხელმძღვანელობით. თავდაპირველად შეკრებაზე 20 კანდიდატზე მეტი იყო გამოძახებული, თუმცა სადღეისოდ შემადგენლობა 16 მოთამაშამდე შემცირდა. უკრაინაში კი 14 კალათბურთელი წავა. ბერუაშვილმა უკვე შეარჩია უცხოეთში წასაყვანი შემადგენლობა.
 
უკანა ხაზი: ირაკლი მიქელაძე (ავერსი), რეზო როგავა (სოხუმი), ლევან გრძელიძე (ქუთაისი), ნიკა რამიშვილი (ავერსი), გელა გულმაგარაშვილი (ზაზა), ალეკო ჩოჩია (სოხუმი)
ფორვარდები: კახა ჯინჭარაძე (ფოთი), ლევან ლოლიშვილი (ორბი), ილია ჯიშიაშვილი, საბა ლობჟანიძე (სტუ)
ცენტრები: გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი), ბექა ნადირაძე (ავერსი), ლერი კვანტალიანი (ავერსი), დავით კორძაძე (სოხუმი)
 
ამ შემადგენლობას უნდა დაემატოს ბექა ბურჯანაძე, რომელმაც გასული სეზონი ესპანურ „კახასოლში“ გაატარა. იგი საქართველოში 1 ივლისს ჩამოვა და ნაკრებს შეუერთდება.
 
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები უკრაინაში 25 ივნისს გაემგზავრება. დაგეგმილია, მასპინძელ თანატოლებთან მინიმუმ 2 სპარინგ მატჩი, თუმცა, როგორც ბერუაშვილმა განაცხადა, შესაძლებელია, მესამე მატჩიც ითამაშონ. 
 
„უკრაინიდან რომ დავბრუნდებით, მომზადებას თბილისში გავაგრძელებთ. კალათბურთის ფედერაცია თურქეთის მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას და შესაძლებელია, 15 ივლისს ამ ქვეყანაში გავემგზავროთ სპარინგ–მატჩების გასამართად“ – განაცხადა მიხეილ ბერუაშვილმა.
 
ევროპის ჩემპიონატი 21–31 ივლისს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბულგარეთის, უნგრეთის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და ბრძოლას ელიტარული – A დივიზიონის საგზურების მოსაპოვებლად გააგრძელებს.