18-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა

18-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უცხოურ შეკრებაზე მიემგზავრება. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლუქსემბურგსა და უნგრეთში ამ ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებთან 4 საკონტროლო მატჩს გამართავს.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონშია და 18-28 ივლისს მაკედონიის ქალაქ შტრუმიცეში იასპარეზებს. ბერუაშვილის გუნდი ჯგუფში ნორვეგიის, ესტონეთის, გერმანიის, ავსტრიისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან მოხვდა. B დივიზიონის საუკეთესო 2 გუნდი ელიტარულ დივიზიონში აინაცვლებს.
საქართველოს ნაკრები 21 და 23 ივნისს ლუქსემბურგთან 2 საკონტროლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც უნგრეთში გადაინაცვლებს, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებს 24 და 26 ივლისს ამხანაგურად გაეჯიბრება. უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ ბერუაშვილის გუნდი მზადებას თბილისში განაგრძობს, რის შემდეგაც მაკედონიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
 

 

ვარჯიშის შემდეგ 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა შემდეგი კომენტარები გააკეთა:

უცხოური შეკრება ძალიან წაგვადგება. თბილისში რამდენიმე საკონტროლო მატჩი კი გავმართეთ 20-წლამდელთა ნაკრებთან, მაგრამ საერთაშორისო სპარინგ-მატჩების გამართვას სულ სხვა დატვირთვა აქვს. ლუქსემბურგთან და უნგრეთთან გამოჩნდება, თუ რა რგოლში გვაქვს პრობლემები, რაზე გვაქვს სამუშაო. ამასთან ერთად, შემუშავებული გვაქვს ახალი კომბინაციები, რომელთა დახვეწა და სრულყოფა სპარინგ-მატჩებში მოხდება.
 
უცხოური შეკრებიდან რომ დავბრუნდებით, ხარვეზების გამოსასწორებლად კიდევ გვექნება საკმარისი დრო. რაც შეეხება გუნდის მზადყოფნას, ბიჭები ნორმალურ კონდიციაში არიან და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის დასაწყისისთვის ფორმის პიკში იქნებიან.
ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და ჩვენი მიზანი თითოეულ მატჩში მაქსიმალური ბრძოლა იქნება.