18-წლამდელთა ნაკრებმა ყატარის გაანადგურებით სპარინგ–მატჩები დაასრულა

18-წლამდელთა ნაკრებმა ყატარის გაანადგურებით სპარინგ–მატჩები დაასრულა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა მეორე საკონტროლო მატჩიც მოიგო. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ამჯერად ყატარის ნაკრები გაანადგურა – 102:58. ქართველებმა გუშინ ბაჰრეინი 104:46 დაამარცხეს, ახლა კი მეორე აზიური ქვეყანაც იმსხვერპლეს. ამ მატჩით საქართველომ დაასრულა სპარინგ–მატჩები და ზეგ დილას ბულგარეთისკენ აიღებს გეზს, სადაც 21–31 ივლისს ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი) გაიმართება. ყატარის ნაკრებთან მატჩის შესახებ კომენტარს ბერუაშვილი თურქეთიდან აკეთებს:
 
„ყატარი ბაჰრეინზე უკეთესი გუნდი აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ მაინც იოლად დავამარცხეთ. შედეგს ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. აქცენტს თამაშის სრულყოფაზე, პრაქტიკის მიღებაზე ვაკეთებდით. გუნდი უმატებს და ევროპის პირველობას ოპტიმალურ ფორმაში ხვდება. ხვალ ეგვიპტის ნაკრებთან უნდა გვეთამაშა, მაგრამ ამ მატჩის გამართვა გადავიფიქრეთ. თურქეთში აუტანელი სიცხეა, ბიჭები ძალიან იქანცებიან. ხვალ რომ გვეთამაშა, ზეგ ბულგარეთში მივემგზავრებით, მაზეგ კი ბულგარეთშ ევროპირველობა იწყება. გადაიღლებოდნენ ბიჭები და ამიტომ ეგვიპტეს აღარ შევხვდებით. ხვალ დავისვენებთ და ზეგ დილით ბულგარეთში გავემგზავრებით“.
 
ამხანაგური მატჩი. თურქეთი. 18 ივლისი
საქართველო 102:58 ყატარი