18 წუთი ვიქტორს ეყო, გამარჯვებას – არა

18 წუთი ვიქტორს ეყო, გამარჯვებას – არა

მომავალ შაბათ–კვირას ევროპის ძირითად ქვეყნებში ეროვნული ჩემპიონატების მორიგი ტურები არ გაიმართება. სხვადასხვა ქვეყნებში თასის გათამაშების კვირეულია და ქართველ ლეგიონერებსაც მოუწიათ მატჩებში მონაწილეობა. დავიწყოთ იტალიით, სადაც ჩინებული შედეგი აჩვენა ვიქტორ სანიკიძემ.
 
აპენინის ნახევარკუნძულზე თასის გათამაშება მერვედფინალიდან დაიწყო. ვიქტორ სანიკიძის ”კანადიან სოლარი” ”მონტეგრანაროს” შეხვდა და მიუხედავად ქართველი კალათბურთელის ჩშედეგიანი თამაშისა, 73:82 დამარცხდა.
 

ვიქტორ სანიკიძე
 
სანიკიძე გუნდის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლო 18 წუთი დაჰყო, თუმცა, ეს დრო სავსებით საკმარისი იყო, თავისიანთაგან საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა. ვიქტორმა 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 14 ქულას დააგროვა და ამას 8 მოხსნაც მიაყოლა. აღსანიშნავია, რომ სანიკიძემ 6 ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, რაც 18 წუთის კვალობაზე მართლაც ჩინებული შედეგია. ქართველი კალათბურთელი ბოლნიელთა მხრიდან ყველაზე შედეგიანი გახლდათ და სარგებლიანობის კოეფიციენტიც (17) საუკეთესო ჰქონდა.
 
ნახევარფინალში ”მონტეგრანაროს” მეტოქე სიენას ”მონტეპასკი” იქნება, რომელმაც პეზაროს ”სკავოლინის” 81:68 სძლია, დღეს კი, კიდევ ორი მეოთხედფინალი შედგება – მანუჩარ მარკოიშვილის ”მედიკალ კანტუ” ”ანჯელიკო ბიელას” ეთამაშება, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილის ”ეარ აველინო” – მილანის ”არმანი ჯინსს”.
 
ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ტორინ გრინის ”გრან კანარია”, რომელსაც მეტოქედ მადრიდის ”რეალი” ჰყავდა. ლას პალმასელებმა დედაქალაქელებს საკმაო წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველი ტაიმის შემდეგ 21:14-საც იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, 72:78 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ”გრან კანარიას” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24:47 წუთში, 10 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გრინმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო ასეთივე წარმატებით ესროლა სამქულიანებიც. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ტორინის თანაგუნდელი ჯეისი კეროლი გახდა, რომელმაც 29 წუთში, 30 ქულა მიითვალა.
 
თორნიკე შენგელიას „პერისტერი“ ბელგიის თასს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ორრაუნდიანი ბრძოლის პირველი მატჩი პერისტერელებს ”დექსია-მონსთან” 72:65 ჰქონდათ მოგებული (მაშინ თორნიკემ 9 ქულა ჩააგდო), სტუმრად კი 62:76 წააგო.
შენგელიამ 26 წუთი გაატარა მოედანზე და 3 ქულას (2-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 4 მოხსნასა და 1 პასს დასჯერდა.