1993–წლამდელთა ნაკრების პირველი გამარჯვება და “დინამოს” გმირობა

1993–წლამდელთა ნაკრების პირველი გამარჯვება და “დინამოს” გმირობა

ძალიან საინტერესო ტური გაიმართა გუშინ სასოფლო უნივერსიტეტის დარბაზში. იყო მოულოდნელი შედეგიც და დრამატული ბრძოლაც, რის შედეგადაც სატურნირო ვითარება ისე დაიძაბა, რომ ბოლო ტურამდე პლეი ოფში გამსვლელთა სრულ შემადგენლობას ვერ გავიგებთ.

თუმცა ერთი რამის თქმა უკვე შეიძლება – „აკადემია“ პლეი ოფშია და თითქმის გარანტირებული აქვს ნახევარფინალი „დინამოსაც“. დინამოელებმა რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი სამივე შეხვედრა რომც წააგონ, ბუთების შეფარდებაზე მიდგება ალბათ საქმე და შესაძლოა, მაინც მოახერხონ ოთხეულში მოხვედრა, თუმცა ისინი ერთ–ერთ მატჩში 1993–წლამდელთა ნაკრებს ხვდებიან და სავარაუდოდ გაიმარჯვებენ და პლეი ოფს სათუოდ არ გაიხდიან. ისე, 93–იანების ნაკრები რომ ხელწამოსაკრავი აღარ არის, გუშინ კარგად გამოჩნდა. გია კაზანჯიანის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – თანაც კახა შენგელიას პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლ „მართვე–2“–ს მოუგო და ოთხეულში მოხვედრის შანსი გადაუწურა. მართველებს კი აქვთ დანარჩენი მეტოქეებისავით 20 ქულა, მაგრამ მათ ერთი მატჩი დარჩათ გასამართი, რისი მოგებაც კი არ იკმარებს ოთხეულში მოსახვედრად. ტურის ყველაზე დაძაბული მატჩი ლიდერთა შორის გაიმართა. „დინამოსა“ და „აკადემიის“ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი მოიხელთებდა მცირე ლიდერობას, ხანაც მეორე, თუმცა ბოლო მეოთხედში თამაში, რასაც ჰქვია, ქულა–ქულაში წარიმართა. 1–2 ქულაზე მეტით ვერც ერთი ვერ ახერხებდა დაწინაურებას. თამაში იყო ძალიან ფრთხილი და დაცვით ტაქტიკაზე ორიენტირებული. ორივე გუნდი საიმედოდ იცავდა თავს და ამიტომაც დაფიქსირდა საბოლოოდ ასეთი მწირი ანგარიში – გუნდებმა ჯამში 113 ქულა მოიხვეჭეს. ბოლო წუთებზე თითქოს კვანძი გაიხსნა – მერაბ ბოქოლიშვილმა და გოგა ჯავახიშვილმა ზედიზედ ჩაააგდეს საშუალო მანძილიდან ბურთები და საფინალო სირენამდე 56 წამით ადრე „აკადემია“ 56:51 დააწინაურეს. თითქოს ყველაფერი გაირკვა, კაზანჯიანის გუნდს გამარჯვება ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ დინამოელებმა ლამის შეუძლებელი შესძლეს. გივი ბაქრაძემ შეუტია, მას სამი აკადემიელი, რომ იტყვიან, ხელზე აჯდა, მაგრამ „დინამოს“ გამთამაშებელმა მაინც მოახერხა ურთულესი პოზიციიდან ბურთის ჩაგდება. ბაქრაძემ იქვე ჩაუჭრა მოედანზე შემოტანილი ბურთი აკადემიელებს და თავადვე დააგვირგვინა სწრაფი შეტევა, რითაც „დინამო“ ქულით მიაახლოვა მეტოქეს – თამაშის დამთავრებამდე 35 წამი რჩებოდა. კაზანჯიანმა წუთშესვენება აიღო, აკადემიელები დაარიგა, მაგრამ ამაოდ – გვერდიდან შემოტანილი ბურთი არეულობაში კვლავ დინამოელებმა მოიხელთეს და დავით დეკანოიძემ „დინამო“ 57:56 დააწინაურა. აკადემიელებს საკმარისი დრო რჩებოდათ თამაშის გადასარჩენად, თუმცა მერაბ ბოქოლიშვილის სროლა არ აღმოჩნდა ზუსტი, ბურთი დინამოელებმა მოხსნეს და სირენამდე 4 წამით ადრე ბაქრაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა. პირველი სროლა აუცდა, ხოლო მეორე განზრახ ააცილა, რათა აკადემიელებისთვის შეტევის დრო გაეფლანდა, მაგრამ კაზანჯიანის გუნდმა მაინც მოახერხა ბურთის მოხელთება, მისი ბოქოლიშვილამდე დროულად მიტანა და მერაბმა სამქულიანი… კვლავ ააცილა – თუმცა მას ამაში დინამოელებმაც შეუშალეს ხელი და ნამატჩევს აკადემიელები ამტკიცებდნენ, ჯარიმა იყოო. თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და დინამოელებმა გმირული გამარჯვება მოიპოვეს. სიხარულისაგან აღტკინებული დინამოელთა მწვრთნელი დავით თორთლაძე მოედანზე შევარდა და თავის შეგირდებს ისე ულოცავდა და კოცნიდა, თითქოს ფინალი მოეგოთო.დღის ბოლო მატჩში 1 ექსპერიმენტული სკოლის გუნდი სოლიდურად უგებდა „მართვე–1“–ს მესამე მეოთხედამდე, თუმცა ბოლო ათწუთეული 8:32 წააგო, მასთან ერთად მატჩიც და პლეი ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დაიყენა.