#1TVSPORT კალათბურთის ფედერაცია იუბილარია – 4 ივნისს 30 წელი შეუსრულდა

#1TVSPORT კალათბურთის ფედერაცია იუბილარია – 4 ივნისს 30 წელი შეუსრულდა

1991 წელს 4 ივნისს გამართულ დამფუძნებელ კრებაზე ქართულმა საკალათბურთო სამყარომ მხარი დაუჭირა კალათბურთის ფედერაციის შექმნას. ამ ისტორიული თარიღიდან  30 წელი გავიდა – დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იუბილარია.

დამფუძნებელ კრებას დეტალურად იხსენებს ამჟამად საქართველოს მსაჯთა კავშირის პრეზიდენტი როლანდ ხომერიკი, რომელიც პირველი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.  

„იმხანად, სპორტისა და ტურიზმის მინისტრი კახი ასათიანი გახლდათ, რომელმაც სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენლებს მოგვმართა დაგვეფუძნებინა ფედერაციები. კრება 4 ივნისს გაიმართა. პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ალექსანდრე ჩხეიძე,  რომელიც საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი იყო. ვიცე-პრეზიდენტად მე ამირჩიეს, გენერალურ მდივნად – აკაკი მეგრელაძე“.

დამფუძნებელ კრებას 100 დელეგატი ესწრებოდა. ფედერაციის გამგეობაში ქართული კალათბურთის ლეგენდები შევიდნენ: ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ვაჟა ჟღენტი, გურამ მინაშვილი, ზურაბ საკანდელიძე, ანზორ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია…

„ჩვენი მთავარი ამოცანა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა იყო – 1992 წლის 10 ივლისს ფიბა-ში გავწევრიანდით. 1994 წელს ნაკრების პირველი შეკრება მოვაწყეთ, გუნდი გაემგზავრა უნგრეთსა და რუსეთში, 1995 წელს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაება და პირველი ოფიციალური მატჩი ინგლისის ქალაქ ბირმინგემში პოლონეთის წინააღმდეგ გამართა“, – მოგვითხრობს როლანდ ხომერიკი.

1995 წელს ფედერაციის პრეზიდენტად „ვითას“ დამფუძნებელი, ავთანდილ საყვარელიძე  აირჩიეს, ორ წელიწადში პრეზიდენტის პოსტი გოგი ქათამაძემ დაიკავა. 2001 წელს ფედერაციას სათავეში ჩაუდგა ბესიკ ლიპარტელიანი. 2013 წელს იგი მიხეილ გაბრიჩიძემ შეცვალა, ხოლო 2017 წლიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაულია.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ თავისი არსებობის 30 წლის განავლობაში სხვადასხვა ეტაპები გაიარა. 90-იანი წლების პირველი ათწლეული თავის გატანისა და თვითდამკვიდრების პერიოდი იყო. 2000-იანები – გარდატეხის ეტაპია. ამ პერიოდში დასტაბილურდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები და ნაკრებში გამოჩნდა უცხოელი მწვრთნელი. 2010-იანები – მიღწევებისაა: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და მას შემდეგ, ზედიზედ 4-ჯერ იასპარეზა ევრობასკეტზე. 2019 წელს, საქართველომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა და თბილისში დაიწყო ახალი, თანამედროვე დარბაზის მშენებლობა. ამავე პერიოდში, ვერის საკალათბურთო დარბაზი გადაეცა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას.

www.1tv.ge